თეგებით ძიება
12. 12. 2021 COVID - 19

რატომ უკრძალავენ საქართველოში კოვიდპაციენტებს მობილურით სარგებლობას?

საქართველოში მობილურით სარგებლობის უფლებას ყველა კოვიდპაციენტს არ აძლევენ, რაც მათ იზოლაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ საკითხზე მასალა "რადიო თავისუფლებამ" მოამზადა.


ანასტასია სლოვინსკაიამ კოვიდით ინფიცირებული ბებია თბილისში, კლინიკა „ღია გულში“ ნოემბრის დასაწყისში დააწვინა. რეანიმაციაში შეყვანამდე ქალს პირადი ნივთები, მათ შორის მობილურიც გამოართვეს. მას შემდეგ შვილიშვილი სამი კვირის განმავლობაში ბებიის ამბავს მხოლოდ ექიმებისგან იგებდა. 1 დეკემბერს, როდესაც 87 წლის მოხუცი სახლში გაწერეს და შვილიშვილი წამოსაყვანად მივიდა, აღმოაჩინა, რომ ბებიას სამ კვირაში 18 კილო ჰქონდა დაკლებული. როგორც გაირკვა, მას საკვები არ ჰყოფნიდა და, ამავე დროს, მუდმივად უწევდა მედპერსონალისთვის იმის შეხსენება, რომ საჭმელი მიეტანათ.

„21 დღის განმავლობაში მასთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია. არადა, გონზე იყო, საავადმყოფოში რომ იწვა, წიგნსაც კითხულობდა. მანდ ასეთი წესი მოქმედებს, არის გამოყოფილი საათები, როდესაც შეგიძლია ექიმებს დაურეკო და ახლობელი მოიკითხო. ვრეკავდი ყოველდღე. მეუბნებოდნენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა ან დამძიმდა, სიტუაციის მიხედვით. ზოგადად ამბობდნენ, რომ კარგად არის, არაფერი უჭირს. რამდენჯერმე დავაზუსტე, რამის მოტანა ხომ არ არის საჭირო-მეთქი და არაო.

სამი კვირის თავზე, როცა გამოწერეს, აღმოჩნდა, რომ კვებაზე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. კვების რამე განრიგი არ არსებობდა, ვინმე უნდა გამოეჭირა მედპერსონალიდან და ეთხოვა, საჭმელი მიეტანათ. რაციონიც არ იყო კარგი, ვერ ნაყრდებოდა. ასევე პრობლემა იყო ცხელი ჩაი. ვთხოვდი, რამე ცხელი სითხე მოეცათო, მაგრამ აპარატის ცივ წყალს ასმევდნენ. მისი ნივთები რომ წამოვიღე, ფურცლები ვნახე, რომლებზეც ექიმებისთვის ჩემი ნომერი მიეწერა - შვილიშვილია, დაურეკეთ და თუ კვებაზე რამე არის გადასახდელი, გადაიხდისო. ჩემთვის რამე მსგავსი რომ ეთქვათ, მაშინვე მივაწვდიდი. ხომ შეიძლება, მართლა რამე ისეთი მოუნდეს ადამიანს, რაც საავადმყოფოს რაციონში არ არის, მაგალითად, შოკოლადი.

რამდენჯერმე ვთხოვე ექიმებს, ბებიასთვის ორი წუთით მაინც შეეტანათ ტელეფონი, რომ ჩვენი ამბავი მაინც მეთქვა. მთელ ოჯახს კოვიდი გვჭირდა და ცხადია, ამ სამი კვირის განმავლობაში ისიც ეფიქრებოდა, როგორ ვიყავით. ამაზეც უარი მითხრეს, არ შეიძლებაო. მაშინ არ ჩავძიებულვარ, რატომ არ შეიძლებოდა, ახლა კი ძალიან ვნანობ, რომ ასე ვენდე“, - ამბობს ანასტასია სლოვინსკაია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მობილურის საავადმყოფოში შეტანა-არშეტანასთან დაკავშირებით რამე წესი არ არსებობს, ეს უშუალოდ კონკრეტული საავადმყოფოს შინაგანაწესით წყდება. კონკრეტულ საავადმყოფოში კი, კერძოდ, კლინიკა „ღია გულში“, ამბობენ, რომ მობილურის შეტანა რეანიმაციაში პროტოკოლით იკრძალება და ეს მხოლოდ მათთან კი არა, სხვა კლინიკებშიც ასეა. მეტი ახნა იმისა, თუ რატომ შეიძლება უშლიდეს ხელს მედპერსონალს პაციენტების მიერ მობილურით სარგებლობა, არ მიგვიღია, მათ არც იმაზე გვიპასუხეს, როგორია საავადმყოფოს კვების რაციონი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაა, როდესაც პაციენტი გონზეა, საკუთარ ოჯახთან კომუნიკაციას ითხოვს და მას ამის საშუალება არ ეძლევა.

„რაღაც უაზრო პრაქტიკაა, შეიძლება კოვიდპანდემიის დროს შემოიღეს, იმიტომ რომ ბევრმა ტელეფონით საკმაოდ კრიტიკული შემთხვევები დააფიქსირა. ყოველ შემთხვევაში ამის ეჭვი ჩნდება. კომუნიკაციის შეზღუდვა ემოციურად ძალიან მოქმედებს ადამიანზე. თუ პაციენტს ახლობლის ხმის გაგონების საშუალება არა აქვს, ამან შეიძლება გააუარესოს მისი მდგომარეობა“.

ბოლო კვლევები იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ კოვიდ-19 ნეიროტოქსიკური ვირუსია და ამ დროს ადამიანის ემოციურ მდგომარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„რაღაც ლიმიტი მაინც დაუწესონ, სრული ჩამორთმევა ძალაინ არაჰუმანური გადაწყვეტილებაა, თან საეჭვოც… მეც გამიგია შემთხვევები, რომ მობილური არ შეატანინეს. ზაფხულში ახლობელი გარდაიცვალა კოვიდით, რომელსაც ბოლო კვირის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა ოჯახთან ურთიერთობა. შვილები დღემდე განიცდიან იმას, რომ უკანასკნელ დღეში მყოფი დედის ხმის გაგონება არ შეეძლოთ. დღემდე ეჭვობენ, იქ რამე არასწორი ხომ არ მოხდაო. ოჯახისთვისაც ძალიან სერიოზული სტრესია, ერიდებათ ექიმთან დარეკვა, ითვალისწინებენ, რომ მკურნალ ექიმს შეიძლება მათსავით ძალიან ბევრი ადამიანი უკავშირდებოდეს“, - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

მარინე ბერიძე, რომელიც კოვიდს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, ის იშვიათი გამონაკლისია, ვისაც რეანიმაციაში მობილური თან ჰქონდა. ის ჰყვება, რომ მაშინ ტელეფონი ძალიან დაეხმარა. სოციალურ ქსელში დეტალურად წერდა, როდის როგორ იყო და პასუხადაც ასობით ადამიანი, ნაცნობი თუ უცნობი ამხნევებდა, ერთხელ კი ახლობელს დაურეკა და სთხოვა რამე ეგალობა, გალობის რიტმი მას სუნთქვის დარეგულირებაში ეხმარებოდა.

ორგანიზაცია NHSX, რომელიც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამედიცინო სერვისების განვითარებაზეა პასუხისმგებელი, თავის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოიხმარონ მობილურები კოვიდპაციენტებმა. ორგანიზაცია წერს, რომ მობილური მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იზოლაციაში იმყოფებიან, გარდა ამისა, ტელეფონი კარგი საშუალებაა საჭირო ამბების გასაგებად.

NHSX კოვიდპაციენტებს ურჩევს, მობილურით სარგებლობისას:

მოერიდონ ნებართვის გარეშე ვინმეს ფოტოს გადაღებას, მათ შორის იმ ხალხისაც, რომლებიც უკანა ფონზე არიან, რადგან ფოტო- ან ვიდეოგადაღებამ შესაძლოა ვინმეს პირადი სივრცე შეზღუდოს;
ვიდეოზარის შემთხვევაში კადრში არ გამოჩნდნენ სხვა პაციენტები, მათი მნახველები ან პერსონალი;
მობილური ზარები არ იყოს შემაწუხებელი სხვა პაციენტებისთვის;
მოაშორონ მობილური იმ აპარატურას, რომელზედაც შესაძლოა მას გავლენა ჰქონდეს. გამორთონ ან გადაიყვანონ ფრენის რეჟიმზე. არ გამოიყენონ ვიბრაციის რეჟიმი, რადგან ამ ფუნქციამ სამედიცინო აპარატურაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუკი საავადმყოფოში პაციენტის უფლებები დაირღვა, შეუძლია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართოს, რომელიც კონკრეტულ საქმეს განიხილავს.

„რეგულირების სააგენტო, მართალია, დიდ დროს ანდომებს თითოეული საქმის განხილვას, მაგრამ კარგად არგუმენტირებული საქმეები რაც გავაგზავნეთ, შედეგი ყველას მოჰყვა“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე და დასძენს, რომ თუკი ადამიანის უფლებათა ცენტრს მსგავსი პრობლემით მიმართავენ, ორგანიზაცია დაზარალებულებს სარჩელის წარდგენაში დაეხმარება.

წყარო:radiotavisupleba.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა