ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს. გართულებები არის მრავალმხრივი - ნინო ლომჯარია სააკაშვილზე
ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს გართულებები არის მრავალმხრივი, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ექიმების ინფორმაციით, რიგ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, გარკვეული მიმართულებით კი გაუარესებულია.
"ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით შეისწავლა პაციენტის საქმე დეტალურად, ასევე ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ, პარალელურად მიმდინარეობდა მის მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება, მივიღეთ ინფორმაციები, ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც სჭირდება შეჯერება, ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა აქვს გართულებები არის მრავალმხრივი. ექიმებს სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ და ამის შემდგომ საჯაროდ გავრცელდება დასკვნა თავისი რეკომენდაციებით და შეფასებით.
მე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი არ ვარ ექიმი, თავად ექიმებიც ისაუბრებენ, როგორც მითხრეს, რიგ შემთხვევაში მდგომარეობა არის უკეთესობისკენ, რიგ შემთხვევაში უარესობისკენ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება სახალხო დამცველმა და მის მიერ შექმნილმა ჯგუფმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრებიდან 50 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა. ექსპრეზიდენტი ამჟამად მკურნალობის კურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.