სააკაშვილი საჭიროებს ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოვიძიეთ - ნევროლოგი
სააკაშვილი საჭიროებს ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოვიძიეთ. საუბარი იყო უცხოეთში მის გადაყვანაზე, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანემიის ან ფსიქიკური მგომარეობის გამო, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს.
„მისი ნევროლოგიური სტატუსი წამყვანია მის დაავადებაში. სტაბილურად რაც რჩება, ეს არის სიარულის, კოორდინაციის პრობლემა, ხასიათის მერყეობები, თუმცა, ეს არ სცილდება ნორმატიულ ფარგლებს. ეს არის ძირითადად მისი ნევროლოგიური სტატუსი. ის ახლა ძირითადად საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას, ჩვენ ამას ვუწოდებთ ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოვიძიეთ იმ მოცულობით და იმ სიღრმით, რაც პაციენტის მკურნალობისთვის საჭიროა. მისთვის საჭიროა სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც ეჭვი მეპარება, საქართველოში მოვიძიოთ. საუბარი იყო უცხოეთში მის გადაყვანაზე“, - განაცხადა თოიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება სახალხო დამცველმა და მის მიერ შექმნილმა ჯგუფმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაპატიმრებიდან 50 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი შიმშილობდა. ექსპრეზიდენტი ამჟამად მკურნალობის კურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.