თეგებით ძიება

მოკლული ყოფილი ცოლი, შვილი, სიმამრი, დაჭრილი ნათესავები, მოკლული უცხოელი ქალები – ბოლო დროის გახმარებული მკვლელობები

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ცნობით, საქართველოში კვლავ საგანგაშოა ფემიციდის სტატისტიკა – 2021 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი – სექტემბერი) საქართველოში 13 ქალი მოკლეს, საიდანაც 5 შემთხვევაში ოჯახში დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ხოლო 8 შემთხვევაში – სხვა მოტივი.

მისივე ცნობით, მიმდინარე წელს ასევე დაფიქსირდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგანაც ოჯახში დანაშაულის ნიშნით 11 ფაქტი იყო ჩადენილი. ამის შესახებ სახალხო დამცველმა 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ისაუბრა.

„პრაიმტაიმი” ბოლო დროის გახმაურებულ მკვლელობებს შეგახსენებთ, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახურ ძალადობას, ზოგიერთ შემთხვევაში კი უცნობ ან სხვა მოტივს უკავშირდება.

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი დაჭრა

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე 1992 წელს დაბადებული ე.ა დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი – 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის – 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის – 1996 წელს დაბადებული ა.პ. – ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”. – წერია განცხადებაში.

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ინფორმაციას ჭარნალში ხელვაჩაურის მერის რწმუნებული ადასტურებს. მეზობლების თქმით, კაცის დედამ და მეორე შვილმა – გოგომ გაქცევა მოასწრეს.

ადგილობრივების თქმით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას

მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა და თვითდაზიანებები მიიყენა – კაცი გარდაიცვალა

მარტყოფში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. კაცი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

25 წლის ანასტასია შატალოვა გვიან ღამით, საბურთალოზე, ნაქირავები სახლის სადარბაზოსთან მოკლეს, მას იარაღით რამდენჯერმე ესროლეს. მეზობლები ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა და ქალის ყვირილი გაიგეს. შემთხვევა თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე 18 ოქტომბერს მოხდა.

მომხდარზე განზრახ მკვლელობის, ასევე იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ბექა ლატარია. დანაშაულის დაფარვას ედავებიან მის მეგობარ ბიძინა ხასიას და კიდევ ერთ პირს, ვის სახლშიც ბრალდებული მკვლელობის შემდეგ იმალებოდა.

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ჩინელი ქალი მოკლეს – დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი

მკვლელობა თბილისში – ახვლედიანის ქუჩის 18 ნომერში, “მასაჟის ცენტრში” ჩინეთის მოქალაქე ქალი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

არსებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

წყარო - primetime


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა