„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული პირები შედეგად, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში 5 პირი დააკავეს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული ი.მ., 1975 წელს დაბადებული გ.გ. (მეტსახელად „გადაბმული“), 1978 წელს დაბადებული კ.ჟ., 1984 წელს დაბადებული შ.კ. და 1966 წელს დაბადებული გ.ს.
დანაშაულები 7-დან 10-მდე წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო მოდავე მხარეებმა არსებული დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს: ი.მ.-ს, გ.გ.-ს და კ.ჟ.-ს, რომლებიც აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თავის მხრივ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“.
ამის შემდეგ, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, მოდავე მხარეებთან ერთად, ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევისთვის რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში, წინასწარ დაქირავებულ ბინაში, ასევე, ერთ-ერთი მოდავე მხარის ოფისში. შეხვედრებზე „ქურდული სამყაროს" წევრებმა მოუსმინეს დაპირისპირებულ მხარეებს და დაავალეს, სადავო ფულიდან - 50 000 ლარიდან ობიექტურად განსაზღვრული კუთვნილი წილების ერთმანეთისთვის გადახდა, ასევე, ორივე მხარეს მოსთხოვეს მათ დავაში ჩართული „კანონიერი ქურდებისათვის" გარკვეული თანხის გაგზავნა. მოდავე მხარეები ვერ შეთანხმდნენ კუთვნილ წილებზე, რის შემდგომაც "ქურდული სამყაროს" წევრებმა ისინი დაავალდებულეს, ჩასულიყვნენ საბერძნეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც უკვე ქურდული გარჩევის საფუძველზე მიიღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.