ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილ მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა
ნუცუბიძის პლატოზე დაჭრილ 17 წლის ბიჭს გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა განუცხადა.
მისი თქმით, მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მათ შორის ერთი იყო შემავალი პლევრის ღრუში.
„გუშინ, საღამოს ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ახალგაზრდა, 17 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, მათ შორის ერთი იყო შემავალი პლევრის ღრუში. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და შემდგომი მკურნალობის მიზნით, გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობები. 112-ის მიერ მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება“, – განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მდებარე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან 17 წლის პირი დაჭრეს. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეც თავად არასრულწლოვანია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.