პროკურატურამ ერთი პირი დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი უმსხვილესი საწარმოების მიმართ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, ლ.პ.-მ, არარეზიდენტი იურიდიული პირების ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მის მიერ წარსულში დაფუძნებულ კომპანიას, 2020 წლის აპრილში შეუცვალა სახელწოდება და დაარეგისტრირა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის მსგავსი დასახელებით.
ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, არარეზიდენტ საწარმოებს, რომლებსაც ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციაზე განაცხადი ჰქონდათ შეტანილი ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უგზავნიდა ყალბ ინვოისებს და არარსებული მომსახურების ანაზღაურებას მოტყუებით არიცხინებდა მის საკუთრებაში არსებული ქართული კომპანიის საბანკო ანგარიშებზე.
"გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ წარსულში დაფუძნებულ კომპანიას, 2020 წლის აპრილში სახელწოდება შეუცვალა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის მსგავსი დასახელებით დაარეგისტრირა. ბრალდებული არა რეზიდენტს აწარმოებს, რომლებსაც განაცხადი ჰქონდათ შეტანილი, ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციაზე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში. ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ყალბ ინვოისებს უგზავნიდა და მის საკუთრებაში არსებულ ქართული კომპანიის ანგარიშზე, არარსებული მომსახურეობის ანაზღაურებას, მოტყუებით არიცხინებდა,"- განმარტავს პროკურორი გიორგი მიქავა.
აღნიშნული ქმედებით, ლ.პ. 2020 წლის 9 ივნისიდან, 2020 წლის 22 ივლისის ჩათვლით პერიოდში, მოტყუებით დაეუფლა, 17 არარეზიდენტი საწარმოს კუთვნილ, ჯამში 47 922 ევროს (165 047.17 ლარი). შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულმა დაანაწევრა და ფიქტიური ინვოისების საფუძველზე გადარიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასთან დაკავშირებული კომპანიის საბანკო ანგარიშზე, რითაც მოახდინა 17 271 აშშ დოლარის (52 708.95 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.პ. 2021 წლის 20 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულის მიერ დაფუძნებული საწარმოს მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.