ფეხმძიმე ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ითხოვს, რომ სასამართლომ იგი ციხიდან არ გამოუშვას - რა ამბავი გამოიტანა გოგა გზირიშვილთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა?
ორსული ქალის, ქეთა კეპულაძის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ქმარი - გოგა გზირიშვილი მომხდარს განიცდის და სტრესულ მდგომარეობაშია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ განუცხადა.
ის გზირიშვილს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე საათის წინ შეხვდა.
როგორც ჯანჯღავა განმარტავს, დაკავებულს მძიმე სტრესული მდგომარეობა აქვს, რის გამოც მასთან მომხდარის დეტალებზე არ უსაუბრია.
ადვოკატის თქმით, ორსული ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი მოითხოვს, ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვოს და მის მიმართ გირაო არ იქნას გამოყენებული.
ჯანჯღავას განმარტებით, სამართალდამცავებს თავად გზირიშვილმა დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.
„როცა პოლიციელები მოვიდნენ, შეცდომით მეზობელთან შედიოდნენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაუძახა მათ და უთხრა, აქ მობრძანდით, მე ვარ, ვინც დაგირეკათო", - აცხადებს ადვოკატი.
გოგა გზირიშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს გააცნობენ, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცმა - გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული ცოლი - ქეთა კეპულაძე მოკლა. გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.