კაცმა, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე, სასწრაფოს მძღოლი, ექთანი ქალი და ექიმი კაცი მოკლა, საკანში თავი ჩამოიხრჩო - გაუხმაურებელი ამბავი
„საიდუმლო“ გრიფი საქმეს მაშინ ედება, როცა ძალოვნები მიიჩნევენ, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ინფორმაცია ფართო მასებისთვის არ უნდა გახმაურდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ეხება თუ არა კონკრეტული საქმე, მაგალითად, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, ან სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაძლოა, ერთი შეხედვით, სრულიად უბრალო საქმესაც „საიდუმლო“ გრიფი მიენიჭოს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც, როცა დასავლეთ საქართველოში სასწრაფოს ეკიპაჟი მოკლეს.
ეკიპაჟი გავიდა და სოფლის გზაზე, როდესაც ტყეს გადიოდა, ვიღაც დაუნდობლად გაუსწორდა - შემდეგ, ისინი მანქანაში ჩააგდეს, ავტომობილი გზიდან გადაიყვანეს და ტყეში დამალეს. როცა ეკიპაჟი უკან არ დაბრუნდა, ექიმებმა კოლეგების ძებნა დაიწყეს და მოგვიანებით, საქმეში სამართალდამცველებიც ჩართეს. სწორედ მათ მიაგნეს ტყეში მიტოვებულ მანქანას და სამ გვამს. საქმეს „საიდუმლო“ გრიფი დაედო, რადგან სასწრაფოს ეკიპაჟის ამოწყვეტა არ იყო რიგითი საქმე. რაც მთავარია, წაღებული არაფერი იყო, არც ოქროს რგოლი, რომელიც მძღოლს ეკეთა, არც - ოქროს საყურეები, რომელიც ექთანს ჰქონდა და არც ფული - დაახლოებით, 50 მანეთი, რომელიც ექიმს ჯიბეში ედო. ხელი არ იყო ნახლები არც სამედიცინო ჩანთაზე, გახსნილიც კი არ გახლდათ, რაც გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, რომ მკვლელს დანაშაული მორფის გამო ჩაედინა. მით უმეტეს, მორფი სასწრაფო დახმარების მანქანაში ძალიან, იშვიათად და ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში ინახებოდა.
მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ სასწრაფოში ქუჩის ავტომატიდან დარეკეს, ანუ დამნაშავემ ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა, დარეკა, შემდეგ იმ ადგილზე ჩასაფრდა, სადაც ეკიპაჟს უნდა გაევლო და ყველა მოკლა. სავარაუდოდ, ადგილამდე ის ველოსიპედით მივიდა, რადგან ქუჩის ავტომატიდან ტყის ნაპირამდე სამი კილომეტრი მაინც იყო და ამ პერიოდში, სირბილით მისვლასაც კი ვერ მოასწრებდა, თანაც ველოსიპედის კვალი დანაშაულის ჩადენის ადგილზე ნათლად ჩანდა.
რაღა თქმა უნდა, გამოძიებამ მოკლულების გარემოცვის შესწავლა დაიწყო, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, თანამშრომლები გარდაცვლილებს დადებითად ახასიათებდნენ, ვერც აგენტურულმა ქსელმა მოიტანა სასარგებლო ცნობა.
მამაკაცი ცოლ-შვილიანი გახლდათ, ექთანი - გასათხოვარი და გაჩნდა ვარაუდი, რომ შეიძლებოდა, მათ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონოდათ, რაც მაშინვე გამოირიცხა. ჯერ ერთი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ ექთანი მამაკაცთან ნამყოფი არასდროს იყო, საქმრო ჰყავდა და ორ თვეში, ქორწილის დღეც ჰქონდა ჩანიშნული, ხოლო მამაკაცს სამსახურში უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდა. რაც შეეხება მძღოლს, მას შვილები და შვილიშვილები ელოდნენ, ბუნჩულა მოხუცი ყველას უყვარდა და მისგან წყენა არავის ახსოვდა.
ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ გარდაცვლილების მოკვლის მიზეზი არავის ჰქონდა, მაგრამ სამივე დახოცეს. გამოიკითხა ექთნის საქმროც, იფიქრეს, ეგებ, ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა დანაშაულიო, მაგრამ არც ეს გამართლდა. ჯერ ერთი, ბიჭს ალიბი ჰქონდა და მეორეც, საცოლის გარდაცვალების შესახებ რომ გაიგო, გული წაუვიდა და როცა აზრზე მოიყვანეს, ნერვული ისტერიკა დაემართა. ამას, უბრალოდ, ვერ ითამაშებდა და ზოგადად, არ ჰგავდა სამი კაცის მკვლელს.
მომხდარიდან ერთ კვირაში, სასწრაფოში ზარი კვლავ გაისმა,
ამჯერად, სხვა სოფლის მისამართი დაასახელეს, თუმცა მორიგემ გადამოწმება სცადა - იმ სოფელში და ჰყავდა გათხოვილი, დას შინ ტელეფონი ჰქონდა და დაურეკა, ეგებ, მეზობელთან გადახვიდე და გაიგო, რა სჭირსო. ხუთ წუთში, განგაში გამოცხადდა - დასახელებული მისამართიდან სასწრაფოში არავის დაურეკავს. აი, აქ სამართალდამცველებმა უპატიებელი შეცდომა დაუშვეს. ისინი მითითებულ მისამართზე სასწრაფოს მანქანით კი არა, მილიციის „ვილისით“ წავიდნენ, აქაოდა, დამნაშავეს დავაკავებთო, მაგრამ როცა ტყის ის მონაკვეთი გაიარეს, სადაც წესით, მკვლელი უნდა ყოფილიყო ჩასაფრებული, არაფერი მოხდა. მილიციის მანქანა სასწრაფო დახმარების მანქანისგან, უკუნეთი ღამის მიუხედავად, მაინც კარგად გაარჩიეს.
მილიციის უნიათო ქცევის გამო, საქმე თბილისიდან ჩასულ გამომძიებლებს გადააბარეს და მათაც, პირველ რიგში, სასწრაფოს მთელი პერსონალის შესწავლა დაიწყეს. ცხადი იყო, მკვლელი სწორედ ამ განყოფილებას ერჩოდა, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, რატომ. საეჭვო ჩანდა ის გარემოება, რომ პირველ და მეორე შემთხვევის დროს, მხოლოდ ერთი ეკიპაჟის მორიგეობა დაემთხვა. ადვილი შესაძლებელი იყო, სამიზნე სწორედ ეს ეკიპაჟი ყოფილიყო და მათი შესწავლა დაიწყეს. ახალგაზრდა ექიმი კაცი, ასევე, ახალგაზრდა ექთანი და მძღოლი.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ქალი სამი თვის გათხოვილი იყო და უკვე ქმართან დაშორებას აპირებდა, რადგან ის პათოლოგიურად ეჭვიანი გამოდგა
მოიკითხეს და ისიც გაარკვიეს, რომ ქმარს სანადირო თოფი ჰქონდა, ველოსიპედიც და ადვილი შესაძლებელი იყო, მკვლელი სწორედ ის ყოფილიყო. გადაწყდა, მისი პროვოცირება მოეხდინათ. ქალს აუხსნეს, რომ ეჭვი მის ქმარზე ჰქონდათ და თუ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებდა, განქორწინების გაწელილ პროცედურებში დაეხმარებოდნენ და მარტივად მოუგვარებდნენ.
ქალმა მორიგი მორიგეობის შემდეგ, სამსახურიდან ქმარს დაურეკა და უთხრა, რომ სამორიგეოდ კიდევ ორი ღამე რჩებოდა, რადგან თანამშრომლები ცუდად გახდნენ და უნდა შეეცვალა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ქმარმა ყველაფერი გადაამოწმა - მილიციის გეგმის მიხედვით, უთხრეს, რომ მისმა ცოლმა მორიგეობა დაასრულა და შინ წავიდა. მამაკაცი სახლიდან გამოვიდა, ველოსიპედზე რაღაც ტომრისმაგვარი დაამაგრა და სადღაც წავიდა. სამართალდამცველები უკან მიჰყვნენ. ქმარი იმ კაცის ბინასთან მივიდა, რომელიც მის ცოლთან ერთად მორიგეობდა, ფუთა სადარბაზოში შეიტანა და მას სამართალდამცველებიც მიჰყვნენ. კაცი თან კიბეზე ადიოდა, თან სანადირო თოფს აწყობდა. სანამ ლულაში ტყვიების ჩადებას მოასწრებდა, მილიციის თანამშრომლებმა ხელზე ბორკილები დაადეს.
„ზუსტად ვიცი, რომ ცოლი მღალატობს და მღალატობს ამ კაცთან. ამას არ ვიმსახურებდი, ის ძალიან მიყვარს და ცოლადაც მაგიტომ მოვიყვანე, მაგრამ ერთ თვეში მიღალატა“, - ყვიროდა დაკავებული დაკითხვაზე.
მანვე აღიარა, რომ ცოლისა და მისი საყვარლის მოკვლა თავად დაგეგმა. სასწრაფო დახმარების შენობასთან დაელოდა, როდის გავიდოდნენ ეკიპაჟები სამორიგეოდ და ცდილობდა ისეთი დრო შეერჩია, როცა შენობაში ცოლის ბრიგადა იქნებოდა, რადგან გამოძახებულ მისამართზე, სწორედ ისინი წასულიყვნენ. ასეთი მომენტი მეოთხე მორიგეობის დროს ჩაუვარდა, სასწრაფო დახმარების ყველა ბრიგადა გასული იყო და მხოლოდ მისი ცოლის ბრიგადა გახლდათ თავისუფალი. მამაკაცი უახლოეს ტელეფონამდე მივიდა, დარეკა და შემდეგ გეზი ჩასაფრების ადგილისკენ აიღო. ბედის ირონიით, როცა ბრიგადა გასვლას აპირებდა, ეზოში სხვა ბრიგადა შემოვიდა, ისინი მანქანიდან არ ჩამოვიდნენ, მითითებულ მისამართზე ისე გაემგზავრნენ, ბარემ იმასაც მოვილევთ და დავისვენებთო. როცა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოჩნდა,
ქმარი დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილთან შესახვედრად, სწორედ მისი ცოლი მიდიოდა.
სასამართლომ მკვლელს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა, თუმცა მან მოცდა არ ისურვა და განაჩენიდან მალევე,
მას აქაც არ გაუმართლა, ცოტა ხნის შემდეგ, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა და სიკვდილმისჯილებს აღარ კლავდნენ, შემდგომში კი სიკვდილით დასჯა საერთოდ გააუქმეს. სულ რაღაც ორი თვე რომ მოეცადა, მკვლელს დახვრეტა აუცილებლად ასცდებოდა.
წყარო - digest