თეგებით ძიება

"პირადად მე, როგორც სტაჟიანი ოპოზიციონერი, რასაკვირველია, ხალხის და რევოლუციის მხარეს ვარ" - დავით ზურაბიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს:

"ყაზახეთის ამბებს რაც შეეხება.
არ არის აუცილებელი კარგად იცნობდე ამ ქვეყანას, რათა მიმდინარე მოვლენებიდან ზოგადი დასკვნები გამოიტანო.
უპირველეს ყოვლისა, აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური და არა სოციალური პროტესტი. გაზზე ფასი უფრო მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთის ამბავი იყო, ანუ, როგორც ახლა ანგლიურად უყვართ ხოლმე თქმა, ტრიგერი.

ასეთი მასშტაბის პოლიტიკური პროტესტი კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება ყველა ქვეყანაში: როცა ხალხს ამოასხამს და დაგუბებული უკმაყოფილება იფეთქებს.

ასეთი ამოსხმები და აფეთქებები კი, როგორც წესი, ხდება ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებში, სადაც ერთი ადამიანი ძალიან დიდი ხნის მანძილზე აზის თავზე ქვეყანას და ბოლომდე თრგუნავს ყველანაირ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივობას.

ასე აფეთქდა თავის დროზე ეგვიპტე მუბარაქის წინააღმდეგ, ლიბია კადაფის წინააღმდეგ და აგერ ახლახან ბელარუსი ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ყაზახეთშიც ხალხს აშკარად ამოუვიდა ყელში ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მართავს ქვეყანას.

ესაა, რაც თვალნათლივ ჩანს და რაც სრულიად ლოგიკურად ხსნის მიმდინარე პროცესებს ამ პროცესებში მოსკოვის ან დასავლეთის ხელის ძებნა ტიპიური შეთქმულების თეორია იქნებოდა. პროტესტი აშკარად სტიქიურია და ჯერჯერობით აგორებული ზვავის ეფექტით მიდის.
შედეგის თვალსაზრისით კი აქ არის ორი ვარიანტი: ან ეს ზვავი გადაუვლის მთავრობას, მოვა რევოლუციური ხელისუფლება და მერე რა მოხდება კაცმა არ იცის, ან ნაზარბაევი ლუკაშენკოსავით ჩაახშობს პროტესტის ამ ტალღას და მერე ისევ მყარად მოჯდება, მოთმინების ფიალის მორიგ ავსებამდე.

პირადად მე, როგორც სტაჟიანი და მრავალხელისუფლებაგამოვლილი ოპოზიციონერი, რასაკვირველია, ხალხის და რევოლუციის მხარეს ვარ.

P. S. იმათ, ვინც ყაზახეთსა და საქართველოს შორის ანალოგიას ავლებს და ჯავრობს, აგერ ყივჩაღების შთამომავლებიც აღსდგნენ საბრძოლველად და ჩვენ რა ჭირი გვჭირსო, მოკრძალებით შევახსენებ, რომ ყაზახეთს ეს ჭირი სჭირს ოცდათორმეტი წელია, ჩვენ კიდევ ცხრა და თან ბიძინას რეჟიმი, მისი ყველა მინუსის მიუხედავად, მაინც ბევრად უფრო ლაითი რეჟიმია ნურსულთანის სახანოსთან შედარებით", - წერს ზურაბიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა