ბავშვები კლინიკებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ განვითარებული მულტისისტემური ანთებითი სინდრომით ხვდებიან - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა.
„ომიკრონის“ შესვლამ ყველა ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა გამოიწვია. ძნელი სათქმელია რამდენი იქნება პიკური მაჩვენებელი, მაგრამ ფაქტია რომ 60-ჯერ მეტი შეიძლება იყოს. ვაქცინაციის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან დაბალია. რისკები იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის რიცხვი დაბალია გაცილებით უფრო მეტია.
ჩვენთან ბავშვები ხვდებიან კორონავირუსის გადატანის შემდეგ განვითარებული სერიოზული გართულებით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომით. ეს სინდრომი ვითარდება 4-6 კვირის შემდეგ. მულტისისტემური ანთებით სინდრომს ახასიათებს - ტემპერატურის მატება 38 გრადუსი და უფრო მეტი, ტემპერატურის მატებასთან ერთად სხვა სიმპტომების არსებობა, რომელიც მიუთითებენ 2 ორგანოს დაზიანებაზე. ნაწლავთა მოქმედების გახშირება, ხველა, ღებინება, კანზე გამონაყარი, ქუთუთოების არეში თვალების შეშუპება, ძლიერი თავის და მუცლის ტკივილი, ასევე, ძილის დარღვევა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.