თეგებით ძიება

"ღარიბთა "კლასტერი" შეგიძლიათ დაარქვათ ჩემს "კლასტერს" - რას წერს ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია ორბეთში ნაყიდ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

"სტატუსი დაიწერა ორბეთზე (სათიბე), სადაც თვალში მეც ძალიან გამეჩხირა “კარიერული წინსვლა” და “სოციალური კლასი” და რაღაც უცნაური, გაუგებარი ფრაზები. ამას აყვა ხალხი და მორჩა. ორბეთი გადაიქცა რაღაც სნობურ კლასტერად:) არადა, სოფელია ძროხის ფუნის სუნი რომ დაყვება ჰაერს ისეთი. და ვიცი, ვინც სათიბეში მიწას ყიდულობს სოფელი უნდათ და არა - აგარაკი.

როცა ბინა ვიყიდე (კრედიტით, ე, მანდ ვინმეს მდიდარი ფენა არ ვეგონო) ცხადია, არც მომფიქრებია მეკითხა ვინ იცხოვრებს ჩემ გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბუნებრივი სურვილი მქონდა არ მეცხოვრა მაგალითად ბოროტ და ჭორიკანა მეზობელთან. ან ნაგავს რომ ყრის სადარბაზოში ისეთთან. და არ ვიცი სნობი ვარ თუ არა, მაგრამ ლიფტის ფულს რომ არ დებენ ისეთ მეზობელთან ცხოვრება ძნელია.

ან იარაღს რომ ისვრის ახალ წელს და მეზობლის ბავშვები იატაკზე ყრიან. მაგრამ გვიწევს ათას უცნაურ და სრულიად ჩვენგან განსხვავებულ ხალხთან ცხოვრება. და ცხადია, არც მომაფიქრდება ვარკვიო მეზობლების ამბავი.

თუმცა სულ სხვაა როცა ბინას ან სახლს, არამედ სოფლის აშენების იდეას ყიდულობ. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან მოგიწევს გაიარო მთელი ეს ალიაქოთი. ვისთან მოგიწევს ურთიერთობა? შენს ნაჭუჭში ვერ შეიკეტები. ერთად მოგიწევთ დაგეგმოთ ეზო-კარი-წყალი-გაზი. მნიშვნელოვანია ასევე როგორ ხედავენ შენი მომავალი მეზობლები იქ ცხოვრების პერსპექტივას.

ორბეთი რომ ვნახე (ეგრევე შემიყვარდა) არც მომფიქრებია არ მეკითხა აქ შემთხვევით მარტო ხომ არ ვიქნებითქო? აბა, მარტო რას ვიზამდი ამ მინდვრებში? მეც ცხადია მეგობრებში დავიწყეთ მსურველების ძიება. მოგვიანებით, უკვე “სათიბე” დაერქვა იქაურობას და ეს ფეისბუკიდან გავიგე. გაგვიხარდა როცა გავიგეთ. ბევრი ადამიანი რომ არ იყოს უბრალოდ ვერ მოვერევით ამ სიცარიელეს, ვერ მოვიშინაურებთ ამ ხელუხლებელ ბუნებას. რაც უფრო ბევრი და მონდომებული მაცხოვრებელი იქნება მით მალე აშენდება სოფელი. არაა საინტერესო არც მათი სახელები და გვარები. საინტერესოა ალბათ როგორ უყურებენ აქ ცხოვრების იდეას? ხომ არ შთანთქავს ამ ლამაზ სივრცეს 5სართულიანი ბეტონის სახლები? აქაურობა სოფელი უნდა იყოს თუ ბეტონის ფეშენებელური ჯოჯოხეთი?
აღმოჩნდა, რომ ბევრი თანხვედრაა. და ეს სავსებით საკმარისია მაგალითად ჩემთვის. რა არის ამაში გასაოცარი? ჩემი ბავშვობის მეგობრებთან მეზობლად, რომ მინდა ცხოვრება რატომაა უცნაური? ირინა და თათასთან ცხოვრება რომ მირჩევნია სნობიზმია?
და კიდევ, ორბეთში იმიტომ ვიყიდე მიწა, რომ წყეთის და კიკეთის ფულები არ მქონდა. ღარიბთა კლასტერი შეგიძლიათ დაარქვათ ჩემს კლასტერს, თუ ეს რაიმე შვება იქნება. მაგრამ თქვენ იმდენს ილაპარაკებთ ამ ორბეთს მართლა ცეცხლის ფასი დაედება და მე მართლა გრიშა კაკაჩია გავხდები", - წერს ვიკა ბუკია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა