თეგებით ძიება

"სასწრაფომ არ წაიყვანა, ასეთებს კლინიკაში არ იღებენო, ვდგავარ ახლა და ბღავილი მინდა…" - მაცაცო კალანდაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაცაცო კალანდაძე ძალიან ემოციურ პოსტს წერს, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ანარეკლია და, რაც მთავარია, ქვეყნის, რომელიც ადამიანებს მარტო ტოვებს საფრთხესთან, ზოგჯერ სიკვდილთან. მაცაცო წერს:

"ვდგავარ ახლა და ბღავილი მინდა, თანდათან რომ ვაცნობიერებ, რა მოხდა. ქართველებმა გვერდში დგომა იციან და ამას ვერ დავუკარგავთ, ხომ ? ბავშვობაში გაგონილი მორიგი მითი, რომელიც დღეს შემომეფშხვნა!სამსახურიდან გამოვედი და მიწისქვეშაში ყინვაში, სველში მწოლიარე დამხვდა ეს კაცი.

ისე უვლიდნენ გვერდს, გეგონება, რაღაც ნივთი იდო. გარშემო მომუშავე ადამიანებმა – უუფ, გაანებე, კაცო, თავი ლოთიაო ანუ რადგან ლოთია, მზად იყვნენ იმისთვის, რომ ეს კაცი მეორე დღეს გაყინული და გარდაცვლილი დახვედროდათ (ალბათ იმ კაცსაც ასე აუარეს გვერდი, ვაგზალზე რომ გაიყინა ახლახან და შემდეგ სოცქსელშიც გააზიარებდნენ ,,გულისტკივილით” ).

ამ კაცმა ცუდად ვარო და გამოვუძახე სასწრაფოს. სანამ იქ ველოდებოდი, ისევ იგივეს მიმეორებდნენ, ლოთია, შეეშვიო და მე უკვე მეტირებოდა და ხმამაღლა ვუყვიროდი ამ ხალხს, რა გჭირთ, ასე ხომ მოკლავთ-მეთქი.

მოვიდა როგორც იქნა სასწრაფო და პირველი რეაქცია იყო: ,,ააა, უი, ლოთია?!”. ვუხსნი, რომ გადაყვანა სჭირდება და პასუხი იყო, კოვიდის დროს ასეთებს ვეღარ იღებენ, ადგილები არ არის და ვერაფერს ვიზამთ. სოცსააგენტო ტყუილად გვაქვს!

ბოლოს ერთი ღვთისნიერი კაცი დამეხმარა, წამოვაყენეთ, გამოვკითხე, სად ცხოვრობდა და ტაქსი გამოვუძახე. აქაც პრობლემა შეგვექმნა, როგორც კი დაინახა ტაქსისტმა, არ წავიყვანო, დაძრა მანქანა და მობილური გამორთო. მეორე ტაქსში გაგვიმართლა და გავუშვი სახლში. როგორც კი ცოტა გამოფხიზლდა, ძმას ვეძებო, ფსიქიატრიულში იწვა, უნდა გამოსულიყოო.

იცით, როგორ გამართულად ლაპარაკობდა?! აშკარად ნაკითხი და განათლებული კაცი იყო, რომელსაც ცხოვრება აერია. ძალიან ბევრი მადლობა მიხადა გაკვირვებულმა და ადამიანებისგან გარიყულმა.

ვინც ერთი წამითაც არ გაგვიჩერდა დღეს, ალბათ ტაძარშიც დადიხართ და სანთელსაც ანთებთ, მაგრამ ქრისტეს და სიყვარულის გარდა ყველაფერია თქვენში!," - წერს მაცაცო კალანდაძე.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა