პირველი თებერვლიდან შევაჩეროთ უსიმპტომო პირების ტესტირება - გამყრელიძის შეთავაზება მთავრობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა:
“ამ ეტაპზე უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მინდა, მოსახლეობას ვთხოვო, ნუ გადავტვირთავთ ლაბორატორიებს. იცით, როგორი რიგებია. აქედან გამომდინარე, თუ უსიმპტომო ადამიანი არის კონტაქტირებული, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე დიაგრამის სტილში ძალიან კარგად არის წარმოდგენილი, რა უნდა გააკეთოთ. რვა დღე უნდა იყოთ სახლში.
საკოორდინაციო საბჭოზე დღეს შევედით წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, გარკვეული პერიოდით შევაჩეროთ უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება, გარდა სამედიცინო პერსონალისა, რადგან ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია გაიტესტონ. დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და შესაბამისად, შემდეგ იმოქმედონ იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია.
ისე ცირკულირებს უკვე „ომიკრონი“, რომ არავითარი ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, რომ პირები, სიმპტომების შემთხვევაში, გადავიდნენ პირდაპირ იზოლაციაში”, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.