საქართველოში "მწვანე პასპორტი" არ უნდა არსებობდეს, აზრი არ აქვს - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, საქართველოში "მწვანე პასპორტი" არ უნდა არსებობდეს, აზრი არ აქვს, რადგან ის ინფექციის პრევენციას ვერ აკეთებს და ვერც ვაქცინაციისკენ უბიძგებს ადამიანს.
მისივე თქმით, "მწვანე პასპორტი" უნდა ჰქონდეს მხოლოდ აცრილებს.
"მწვანე პასპორტი" უნდა იყოს ირიბი ბიძგი ადამიანისთვის, ვაქცინა გაიკეთოს. ჩვენს ქვეყანაში მწვანე პასპორტი არ უნდა არსებობდეს, მის არსებობას ამ ფორმით არანაირი აზრი არ აქვს - ინფექციის პრევენციას ვერ აკეთებს და ვაქცინაციისკენ ვერ უბიძგებს ადამიანებს. სწორად არ მიმაჩნია რომ გადატანის სტატუსი რაიმე ინდულგენციას აძლევდეს ადამიანს. „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი "ტვ პირველთან".