პანდემია სავარაუდოდ ამ წელს დასრულდება - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში პანდემიის დასრულებაზე ისაუბრა, მისი განმარტებით მხოლოდ ვაქცინაციით პანდემიის დაძლევა რთულია.
„დაასრულებს, თუ არა ომიკრონი პანდემიას? გეტყვით ასეთ რამეს, თუ არ გაჩნდა კიდევ ახალი სერიოზული შტამი, შტამები სულ ჩნდება, მაგრამ ისეთი სერიოზული, როგორიც იყო დელტა და როგორიც არის „ომიკრონი“. თუ არ გაჩნდა აუცილებლად დაასრულებს და რატომ? - ვაქცინაცია მიუხედავად შეფერხებებისა მაინც მიდის წინ და მაინც გვეყოლება 80% მოსახლეობის აცრილი ჩვენთანაც კი და იმ სიცარიელეს, რაც დარჩა ვაქცინაციის შემდეგ, შეავსებს ახალი მედიკამენტები ტაბლეტირებული „ფაიზერის“ და ნაწილობრივ „მერკის“.
ეს კომბინაცია გამოცდილია მსოფლიოს მიერ, ცალკე ვაქცინაციით ძნელია პანდემიის დაძლევა, მაგრამ გაცილებით იოლია ეფექტიანი ვაქცინის და ეფექტიანი მედიკამენტის, მით უმეტეს ტაბლეტირების გამოყენებით. ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ უახლოესი 2-3 თვის მანძილზე არ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი, პრინციპულად განსხვავებული და სერიოზული შტამი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.