გარკვეულწილად პიკში ვართ, "პლატოს", რომ ეძახიან, ამ ტიპის მაჩვენებლები გვაქვს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ეპიდვითარებაზე საუბრობს.
„გარკვეულწილად პიკში ვართ. პლატოს რომ ეძახიან, ამ ტიპის მაჩვენებლები გვაქვს. ბოლო ერთ კვირაზე მეტია ინფიცირების დღიური რაოდენობა 18-24 ათასის ფარგლებში მერყეობს. ვთვლით, რომ პიკში ვართ. დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, გამყრელიძეს აქვს მოლოდინი, რომ სიკვდილიანობა შემცირდება. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა არ იზრდება.
„ვფიქრობ, სიკვდილიანობაც თანდათან უნდა შემცირდეს, დღეს 208 745 აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 5 840 არის სტაციონარებში და არ იმატებს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა - 900-დან 1100-ის ფარგლებში მერყეობს. ასევე არ იზრდება რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება. ზოგადადაც აქტიური შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაციის საჭიროების პროცენტული მაჩვენებელი სერიოზულადაა შემცირებული - 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ რადგან შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ასე სწრაფად ფატალური გამოსავალი არ შეგვიმცირდეს.
ადამიანების კუმულაციური რაოდენობა საკმაოდ მაღალია - ეს, რაც აღრიცხულია, მაგრამ, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულია, სულ მცირე 2.5-ზე უნდა გამრავლდეს. დღეს ზეწოლა ძირითადად ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზეა. ნაკლებია ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე. ეს გვაიმედებს, რომ სიკვდილიანობა თანდათან უნდა შემცირდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.