რამდენი პატიმარია covid 19-ით ინფიცირებული? – პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და ციხეებში კორონავირუსის მასობრივ გავრცელებას არ ადასტურებს.
“შეუსაბამო და რეალობას მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ციხეებში კოვიდ-19 მასობრივად გავრცელდა და პენიტენციური სამსახური ეპიდვითარებას ვერ მართავს.
განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში, ორ კვირაში ერთხელ, ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა PCR ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდება, ხორციელდება დამატებითი ტესტირება, როგორც მისი, ისე მასთან შემხებლობაში მყოფი პირების.
ვირუსის დადასტურების შემდგომ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში თავსდებიან.
საყურადღებოა, რომ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე, თავსდებიან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადასტურებული 71 შემთხვევიდან, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რჩება მხოლოდ 57 კოვიდინფიცირებული, დანარჩენი 14 მსჯავრდებული უკვე გამოჯანმრთელდა და დაბრუნდება სასჯელის მოხდის ადგილზე.
რაც შეეხება, დაწესებულებებში გამოვლენილ ერთეულ შემთხვევებს, განმარტავთ, რომ პროცესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გართულებების გარეშე და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პრევენციული კოვიდტესტირების პროცესი”, – ნათქვამია განცხადებაში.