თეგებით ძიება

ცვლილბები მინისტრთა კაბინეტში - ვინ დატოვებს მინისტრის პოსტს?

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. "მთავარი არხი" წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობის შესახებ, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოდან გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, დიპლომატიურ უწყებას დავით ზალკალიანის ნაცვლად ჩაიბარებს ილია დარჩიაშვილი, რომელიც ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობს. მას აქვს გარკვეული დიპლომატიური გამოცდილება, იყო მაგალითად პოლონეთში საქართველოს ელჩი და ახლა პირადად ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ის უკვე დიდი ალბათობით, უხელმძღვანელებს საგარეო უწყებას.

მის ნაცვლად კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდება ოთარ დანელია, რომელიც ამ დროისთვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზეა.

შემდეგი ცვლილება ღარიბაშვილის კაბინეტში სავარაუდოდ შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე განიხილება ლევან დავითაშვილი, რომელიც ამ დროისთვის იკავებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს, ნათია თურნავა კი 3-წლიანი მინისტრობის შემდეგ სამთავრობო კაბინეტს გამოემშვიდობება.

როსტომ მეფის სასახლეში ახლა აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ლევან დავითაშვილის ნაცვლად სოფლის მეურნეობა ჩაიბაროს ირაკლი ქარსელაძემ, ინფრასტრუქტურის მოქმედმა მინისტრმა. ცნობისთვის, ის ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კადრია და სამთავრობო გუნდშიც გარკვეულწილად მისი რეკომენდაციით მოხვდა.

მის თანამდებობას ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი დაიკავებს გიორგი დუგლაძე. ის ამჟამად
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მის კანდიდატურაზე ამ დროისთვის ჯერ "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილება ბოლომდე მიღებული არ არის.

ცვლილებები ღარიბაშვილის კაბინეტში შეეხება ძალოვან უწყებებსაც, მთავარის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროდან ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინაცვლებს.

მას კი ქვეყნის პირველი პოლიციელის თანამდებობაზე სავარაუდოდ ჩაანაცვლებს ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ამ დროისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს. ჩუბინიძის კანდიდატურაზე მმართველ პარტიაში მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამ ცვლილებებით ირკვევა, რომ ამ დროისთვის ღარიბაშვილის კაბინეტს 3 ხელმძღვანელი დატოვებს - ესენი იქნებიან ნათია თურნავა, დავით ზალკალიანი და გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი.

მმართველ პარტიაში ამ დრომდე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, როგორც ჩანს გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება, უნდა ითქვას, რომ გუშინ მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა რაც დამატებით კიდევ კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ დროისთვის კი წყარო "ქართული ოცნებიდან" ყვება, რომ ცვლილებების ძირითადი მონახაზი ასეთია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა