იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვალს ინფიცირების პიკი იყო - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, არსებობს მოვლენების განვითარების სხვაგვარი სცენარი, რადგან რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა ორპიკიანი მრუდი.
„ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დღეების განმავლობაში მაღალ ნიშნულზეა, ერთი პოზიტიური ინფორმაცია რაც არის, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რიცხვიც მაღალია, ის არ არის უფრო მეტი, ვიდრე 2 თებერვალს დაფიქსირებული 26 200 შემთხვევა. ეს ტოვებს იმედს, რომ შესაძლებელია სწორედ 2 თებერვლის მაქსიმუმი იყოს მეექვსე ტალღის პიკი და მომდევნო დღეების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდეს, თუმცა შესაძლებელია სხვა სცენარიც.
რთულია პროგნოზირება, რამდენად იქნება მომდევნო დღეები დაღმავალი ტალღის მიმანიშნებელი, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა ორპიკიანი მრუდი. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მატების მაქსიმალური ნიშნული შესაძლებელია უფრო მაღალი რიცხვი იყოს 30 000 და მეტიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო 7 დღის განმავლობაში როგორი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი. იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვალს იყო ინფიცირების პიკი და შემდეგი დღეების განმავლობაში თანდათან შემცირდება ეს მაჩვენებელი,“ - განაცხადა ჩხაიძემ.