ვინ და რა შემთხვევაში ისარგებლებს იზოლაციისა და კარანტინის შემცირებული ვადებით
კორონავირუსით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებში – სამედიცინო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, „კოვიდ-19“-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, დასაქმებულთა იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.
ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.
ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება „კოვიდ-19“-ის დადასტურებიდან შვიდი კალენდარული დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან, მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან ხუთი დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდებულია.
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ ათი კალენდარული დღით. სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია. ნიღბის გამოყენება.
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.
კარანტინის ვადები მცირდება „კოვიდ-19“-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც. ამ შემთხვევაში, კარანტინის ვადა, რვა დღის ნაცვლად, განისაზღვრება ხუთი დღით. ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში. იგივე ვრცელდება, ბუსტერდოზის არმქონე პირებისთვის, თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის აღნიშნული წესები ვრცელდება პირებზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60-დღიანი პერიოდი.
შეგახსენებთ რომ, კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო ათი დღე:
• ბუსტერდოზით ვაქცინირებულ პირებს;• სრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში;•ასევე პირებს, „კოვიდის“ ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში; იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.
წყარო