მოხალისეების გაგზავნა სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, ამას არ გავაკეთებთ - ირაკლი კობახიძე
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყნის მიერ ამის ორგანიზება ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნას.
"რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი ეს დეტალები, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა, ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, არც აშშ, არც ევროკავშირის ქვეყნები ამას არ აკეთებენ, ომში არც ერთია ჩართული, პირდაპირ თქვეს, რომ ამერიკელი და ევროპელი სამხედროები არ იქნებიან ომში. აქ საუბარია სამხედრო ძალის გაგზავნაზე, ეს ყველაფერი ადასტურებს ერთადერთ რამეს, ერთადერთი მიზანი რაც აქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალას, რასაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა" თავისი დანამატებით, არის ის, რომ საქართველო როგორმე ჩართონ ომში. საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე. მოხალისეები არ არიან სამხედრო ძალა? ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, რომ ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, გვახსოვს არაერთი საყვედურიც, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი,"- განაცხადა კობახიძემ.