ერთხელ სახლიდან ხალათით და ჩუსტებით გააგდო - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრი შვილზე
ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის, მაკა სიმონიშვილის ჩვენებით, ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ, ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილი სახლიდან ხალათითა და ჩუსტებით გააგდო. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი სიძე მის შვილს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა, დამამცირებლად ექცეოდა.
„გავიხსენებ რამდენიმე ინციდენტს, რომელსაც შევესწარი. მაშინ ჩემი ქალიშვილი და ნიკოლოზი აღმაშენებელზე ცხოვრობდნენ. ჩვენთან, ფალიაშვილზე მოვიდა ნიკოლოზი, ძალიან გაბრაზებული, აგრესიული, ჩემ ქალიშვილზე ამბობდა, რომ უზრდელი იყო და ესწავლა, ვის როგორ ესაუბროს. ვიკითხე, რა ხდებოდა, შემეშინდა. განაგრძო ჩემი ქალიშვილის მისამართით ლანძღვა, დავაპირე ნელისთან დარეკვა, მკითხა, სად ვრეკავდი, ამაზე უარესი აგრესია დაემართა, დაიწყო ყვირილი, მე ნელით არ შემოვიფარგლები, ნელიმდეც მყავდა თაყვანისმცემლები, უფრო მეტიც, შეყვარებული მყავსო...
ნიკოლოზს ჰქონდა სავარჯიშო ტური, სტამბოლში უნდა წასულიყვნენ, ბავშვიც მიჰყავდა, მთხოვეს, იქნებ წავყოლოდი, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და გავემგზავრე მათთან ერთად. რამდენიმე დღეში ნიკოლოზის მშობლებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ ისინი ცალკე სასტუმროში იყვნენ. ნელი მოლში საყიდლებზე იყო, პიჯაკი მოიზომა და ნიკოლოზს ჰკითხა, უხდებოდა თუ არა, რა დროსაც, ნიკოლოზმა იმხელა ხმაზე დაიღრიალა, გამოეთრიეო, ყველა ჩვენ გვიყურებდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
მან კიდევ რამდენიმე ინციდენტი გაიხსენა.
„ნელიმ ნიკოლოზს უთხრა, შენ რომ ტურნირზე წახვალ, კურსებს გავივლი და პროფესიულად განვვითარდებიო. ამას ნიკოლოზის მხრიდან დამცინავი ღიმილი მოჰყვა - მომინდომა ბიზნესვუმენობა, ბავშვს მიხედეო და ა.შ. ეს რაც შეეხება სტამბოლში ყოფნას და იქ გადამხდარ ინციდენტებს...
ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. გამიკვირდა, თავისი მანქანით რატომ არ იყო, პიჟამით და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან. რა ფორმაში ხარ-მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო. იქ სახლში ნიკოლოზი და ნელი იყვნენ, მოვიდა მისი მამაო, მივესალმე და პასუხიც არ გამცაო, არც დამშვიდებიაო და გამიკვირდაო. ნიკოლოზისთვის უკითხავს, რატომ მოიქცა ასეო, რასაც ნიკოლოზის მხრიდან მოჰყოლია ასეთი რეაქცია, მამაჩემს და დედაჩემს როცა უნდათ, მაშინ დაგელაპარაკებიანო, ნელისთვის მკლავში ხელი მოუკიდია და გარეთ გაუგდია, იქიდან მოვიდა ჩემთან. რომ გაბრაზდებოდა, საბანკო ბარათებს უბლოკავდა. აფთიაქში, ბავშვისთვის საჭირო ნივთები იყიდა და ვერ გადაიხადა, რადგან ბარათი დაბლოკილი იყო, ეს ხშირად ხდებოდა. თუ ნიკოლოზი ხასიათზე არ იყო, ან რაღაც ეწყინებოდა, ბარათს დაუბლოკავდა, ხასიათზე რომ მოვიდოდა, ბლოკს მოუხსნიდა“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის, მაკა სიმონიშვილის ჩვენების მიხედვით, ყოფილა შემთხვევა, როცა ბასილაშვილს დოროყაშვილი თმებით უთრევია.
"ნიკოლოზს უძალადია. ნელის მკლავზე სიწითლე შევამჩნიე. შეთანხმებულან ნიკოლოზი და ნელი, რომ ნელის ბავშვი წამოეყვანა, როცა მისულა, ლუკასი მოაჯირზე ყოფილა, ნიკოლოზისთვის უთხოვია, ჩამოეყვანა. ნიკოლოზს ჩამოუყვანია და თავის მანქანაში ჩაუსვამს, ნათესავთან მივდივართო. ბავშვს ტირილი დაუწყია, მანქანის შუშას ხელს ურტყამდა, დედა მინდაო, ნელი მანქანისკენ წასულა, რა დროსაც ნიკოლოზი გადმომხტარა მანქანიდან და გასაღებიანი ხელით მოკიდა ხელი, ნელიმ ფეხიც დაზიანებული მქონდა, კარში ჩამყვაო. ბავშვი ისეთ მდგომარეობაში იყო, ჰაერსაც ვერ ყლაპავდაო, იხრჩობოდა, ნიკოლოზს ვთხოვე წყალი მოუტანე, მაგრამ არ წავიდაო. ეზოში შევედი წყლისთვის და ნიკოლოზის მამა გამოვარდა ეზოდან, ხელში რაღაც ეჭირაო, ყვრიოდა დაგხოცავთო. როგორც ვიცი, თავში ჩაურტყამს ნიკოლოზს, ჩემი შვილი შემხვედრ მანქანას გამოყოლია, სასწრაფო, პოლიცია გამოუძახია. ჩვენ ავჭალის პოლიციაში მივედით...
ნელი ამ დღეს გველაპარაკა, მოგვიყვა ყველა იმ ძალადობის შესახებ, რაც ჩემ ქალიშვილს თავს გადახდენია, რაზეც დუმდა და მშობლებთან არ საუბრობდა, ჩვენ მდგომარეობას ვერ ავხსნი, როგორც ვიყავით. მითხრა, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა თმებით უთრევია.
ნიუ-იორკში თმებით მითრიაო, მირტყამდაო, მითხრა... ნელიმ ასევე მომიყვა ინციდენტი, რომელიც მანქანაში მოხდა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ კეკელიძის ქუჩაზე მომხდარა, აღნიშნულის შემდეგ ნელის ხელის მტევნებზე ჰქონდა დაზიანება, ფოტოები მაჩვენა. სხვა დროს ნელის მკლავზე, ფეხზე ჩალურჯებები შემინიშნავს, როცა მიკითხავს, უთქვამს, კარს მივარტყი, რაღაც მომხვდაო, რამდენჯერმე ასე რომ ვნახე, ცოტა გულზე მომხვდა, ეჭვი მეპარებოდა, რას არტყამდა ამისთანას.
ვეუბნებოდი, ჭკვიანი გოგო ხარ, ასე ნერვებდაწყვეტილი როდემდე უნდა იყო-მეთქი. აღარ მომწონდა ნელი, რადიკალურად შეცვლილი იყო. მისმენდა და კონკრეტული პასუხი მისგან არ მიმიღია",- განაცხადა სიმონიშვილმა.