რასაც ვუსმენ, ვერ გავუძლებ... 2 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ - ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი სიდედრის ჩვენებაზე
ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის განცხადებით, მისთვის რთული მოსასმენია ის ჩვენება, რასაც მისი ყოფილი სიდედრი სასამართლოში აძლევს.
"ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ძალიან რთულია ამის მოსმენა, ჩემი უფლებები არ გამაჩნია, როგორც ადამიანს? რასაც ვუსმენ, ვერ გავუძლებ", - მიმართა ბასილაშვილმა მოსამართლეს, თუმცა მოსამართლემ მას განუმარტა, რომ ჩვენებისთვის უნდა მოესმინა.
"თქვენი უფლება რაა? გავაჩერო მოწმე და აღარ მივაცემინო ჩვენება? რას ეძახით უფლებას? უნდა მოუსმინოთ ბატონო ნიკოლოზ და თუ რამეში არ ეთანხმებით, კითხვა დაუსვით", - განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.