თეგებით ძიება

იაგო ნებიერიძე 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის მშობლებს 20 ათას დოლარს სძალავდა

11 წლის ზაქრო ბერძენიშვილს ოჯახი თითქმის ორი ათეული წელია ეძებდა და ეჭვი ჰქონდა, რომ ბავშვი იაგო ნებიერიძემ მოკლა, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. ბერძენიშვილების ოჯახისთვის ეს ამბავი იმდენად მძიმეა, რომ საჯაროდ საუბარი აღარ სურთ. 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ნეშტი მდინარე ლიახვთან რამდენიმე დღის წინ იპოვეს. ის გორში 2004 წელს გაუჩინარდა. 18 წლის შემდეგ ცხედრის ადგილმდებარეობა იაგო ნებიერიძემ დაასახელა, რომელსაც სხვა ბავშვის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

თავად მსჯავრდებულის დედა კამერების წინ აღარ ჩნდება. ის ზაქრო ბერძენიშვილის მკვლელობასთან მისი შვილის კავშირს უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ იაგო ნებიერიძე 2004 წელს გაუჩინარებული ბავშვის ოჯახს ფულს სძალავდა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

"მაგ წერილის გამო მიუსაჯეს სამი ჯელი. წერილი იქნება მეც დაგიწერო შენა და დამნაშავე ვარ?! მერე რა რახან ითხოვდა ეს მოისმინა სადღაც, მაგისთანები იცი რამდენს ართმევდნენ მაგასა ფულსა,"-ამბობს იაგო ნებიერიძის დედა.

წერილი, რომელზეც იაგო ნებიერიძის დედა საუბრობს არასრულწლოვნის მშობლებმა ბავშვის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში ანონიმურად მიიღეს. წერილის ავტორი გამოსასყიდის სახით 20 ათას დოლარს ითხოვდა. თანხმობის ნიშნად ოჯახს სახლიდან თეთრი ზეწარი უნდა გადმოეფინა. ბერძენიშვილებმა ეს მოთხოვნა შეასრულეს, თუმცა გამტაცებელს მოზარდი არ დაუბრუნებია.

არასრულწლოვან ზაქრო ბერძენიშვილის ნეშტის პოვნამ ოთხი წლის წინანდელი ტრაგედია უფრო მტკივნეულად გაახსენა ნანიკო ბერიაშვილის ოჯახსაც. 8 წლის გოგონა იაგო ნებიერიძემ განსაკუთრებული სისასტიკით 2018 წლის 25 ოქტომბერს მოკლა და ცხედარი მდინარე ლიახვთან გადამალა.

8 წლის ნანიკო ბერიაშვილის ბაბუა "კურიერს" უყვება თუ როგორ ცდილობდა დამნაშავე კვალის არევას მაშინ, როცა პატარა გოგონას ასობით ადამიანი ეძებდა. ბავშვი იაგო ნებიერიძემ ერთ-ერთი სახლის სარდაფში შეიტყუა, მასზე იძალადა და ბლაგვი საგნით მოკლა. გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელმა გოგონას ცხედარი მალულად მდინარე ლიახვის ნაპირთან იმ გზაზე ჩაატარა, სადაც თავად ბავშვი ცხოვრობდა.

2019 წლის 19 მაისს სასამართლომ ნანიკო ბერიაშვილის განზრახ მკვლელობისთვის იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მანამდე კი ბრალდებულმა გამოძიებას რამდენჯერმე მიაწოდა არასწორი მონაცემები 2004 წელს მოკლული ზაქრო ბერძენიშვილის ცხედრის ადგილმდებარეობის შესახებ. სამუდამო პატიმრობის მისჯიდან სამი წლის შემდეგ კი ნებიერიძემ სიმართლე გაამჟღავნა. ახლა 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის ნეშტი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. კომპლექსური საექსპერტო დასკვნით ცნობილი უნდა გახდეს როგორ და რა ვითარებაში მოკლეს მოზარდი 2004 წელს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა