"მოსახლეობამ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობა შეისყიდა, რის გამოც დეფიციტი შეიქმნა"
ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკატერინე ადამიას ინფორმაციით, მოსახლეობამ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობა შეისყიდა, რის გამოც მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნა.
„ჩვენ თურქეთი აღიარებით ქვეყნების სიაში დავამატეთ. გავამარტივეთ აღიარებითი ქვეყნის რეჟიმით რეგისტრაციის მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქული მედიკამენტები მარტივად შემოვა ბაზარზე. რეალურად მაქსიმალურად იზრდება მისი რაოდენობა. პირველივე კვირაში 80-მდე მედიკამენტი იყო საქართველოში, დღეს უკვე 200-ზე მეტია.
სავარაუდოდ, მოსახლეობის მხრიდან აღქმული იყო, როგორც აქცია და არა სისტემატური. მოხდა მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით შესყიდვა, შემდგომი მოლოდინების საპასუხოდ. ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, კიდევ უფრო მოიმატებს თურქეთიდან იმპორტი, დეფიციტები აღმოიფხვრება და არ გვექნება. ჭარბი რაოდენობით შესყიდვა იყო. თავიდან, ყველა იმპორტიორს რეალურად არ ჰქონდა სრულად შემოტანილი, რაც ნელ-ნელა სწორდება. შეიძლება წერტილოვნად იყოს რაიმე პრობლემა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გამოსწორებადია“, - აღნიშნავს ადამია მედიაჰოლდინგ „კვირაში“.