"22 წლის ვაჟა თოდუას ყურები აათალეს, დაკოდეს, ყელი გამოჭრეს, ენა გამოუღეს და ე.წ. ჰალსტუხი გაუკეთეს" - რუსების სისასტიკეზე კიდევ ერთი მოქალაქე წერს
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ქეთი გვილავა პოსტს აქვეყნებს, სადაც რუსების სისასტიკეზე წერს:
"ეს 22 წლის ვაჟა თოდუაა, რომელიც 1993 წლის 20 ივნისს სასტიკად აწამეს სოფელ მერკულაში. ყურები აათალეს, დაკოდეს, ყელი გამოჭრეს, ენა გამოუღეს და ე.წ. ჰალსტუხი გაუკეთეს. ამ სადიზმის ავტორები ნოვოსიბირსკელი და კრასნოდარელი "ბოევიკები" იყვნენ. ასე რომ, რუსების ხელწერა უკრაინაში არახალია.
აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული დათო ზივზივაძის დღიურებიდან:
"... დიდი სიფრთხილით მივიწევდით ხეობაში. ყოველ წამს მოსალოდნელია ჩასაფრება. ჩემ წინ მერაბი მიდიოდა წელში მოხრილი, წელამდე ბალახში, მანდარინის ბაღში. მზერა მერაბის გაფართოებულ თვალებს ჩავაყოლე. ხელით დაწვდა, მე უკვე ვიცოდი, ვისი გვამიც იყო, მერაბიმაც. ასეთი „პოლევოი“ კომბინიზონი მარტო ვაჟა თოდუას ეცვა. ბუნების ფერში ვარო, იტყოდა ხოლმე, - მტრები ვერ მხედავენო.
მოტყუვდა ჩვენი პატარა ძმა. შეამჩნიეს მაინც ძაღლებმა. თითქოს ჩაძინებული, ჩამხობილიაო, ასეთი იყო, თავზე რომ წავადექით ვაჟას ცხედარს. კომბინიზონის ზედა ნაწილი შემოეხიათ, ძალით გაეძროთ ვაჟასთვის. ნელა გადმოწია მერაბმა კომბინიზონის ზედაწელი. დაახლოებით რვა ტყვია ჰქონდა ზურგში მოხვედრილი, ოთხ ადგილზე დანა ჩარტყმული, ფრთხილად გადავაბრუნეთ და მოვემზადეთ უფრო მეტისათვის. ოი, ადამიანო! თუ ადამიანობა კიდევ არსებობს! ამის შემდეგ თუ ვართ ადამიანები! ყელი გამოჭრილი, ენა გამოღებული, მარცხენა ხელი ძვლებამდე აჭრილი, ტანი სულ დაჩეხილი, ყური მოჭრილი, თანაც დაკოდილი...
სულ გადამავიწყდა ყველაფერი და არაადამიანური ბღავილი დავიწყე. რომელი ერის შვილი ჩაიდენს ასეთ სისასიზღრეს, სადაა ღმერთი, თუ არის, რას უყურებდა, რას გააჩინა ასეთი ადამიანები?! აღარ მწამს, არა! არა, არ მეშინია მისი! რატომ გვაყურებინებს ასეთ სისასიზღრეს?!..
მომინდა, არაადამიანურად მომინდა, ენახა ყველას საწყალი ვაჟა, ენახათ, თუ ვის ვებრძვით, ვისთან გვაქვს ომი. რატომ ვომობთ", - წერს გვილავა.