გედევან ფოფხაძე - დადებით გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიმსახურებთ, მაგრამ ეს სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და ქართული სახელმწიფო არ არის მისი რომელიმე ხელისუფლება
დადებით გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიმსახურებთ იმის გამო, რომ რა კარგები ვართ და როგორ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება დამდგარიყო, ასეთი რამ ჩვენ არ დაგვიმსახურებია, მაგრამ ეს დადებითი გადაწყვეტილება სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და ქართული სახელმწიფო არ არის მისი რომელიმე ხელისუფლება, ახლანდელი ან გუშინდელი ან თუნდაც ხვალინდელი - განაცხადა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას გედევან ფოფხაძემ.
როგორც ფოფხაძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იყოს ამ პერსპექტივის გათვალისწინებით.
"იმის გათვალისწინებით, რომ ქართული საზოგადოება მართლაც განსაკუთრებულ ტალღაზეა და იგრძნობა ის, რომ მოსახლეობა და ხელისუფლება სხვადასხვა პოლუსებზეა, სხვადასხვა ღირებულებებით ცხოვრობს, რაც ჩემი აზრით მთავარია, ჩვენ ევროპამ იმ საფრთხის წინაშე არ უნდა დაგვაყენოს, რასაც ჰქვია პუტინიზაცია, რუსული ფაქტორის გაძლიერება საქართველოში. დარწმუნებული ვარ, უკრაინის ომი კიდევ მალე შეცვლის მოცემულობას ჩვენ ქვეყანაში და ერთ თვეში, თვენახევარში ლენდ-ლიზი თავის გასაკეთებელს გააკეთებს.
ევროპის დახმარება, ამერიკის დახმარება, უკრაინას მიცემს იმის საშუალებას, რომ სტრატეგიული მოცემულობა ომის აბსოლუტურად შეიცვალოს და სხვა რეალობა დადგეს და არათუ რუსეთი ვერანაირ შეტევებს ვეღარ განახორციელებს უკრაინულ ქალაქებზე, არამედ მოუწევს იმის დათმობაც, რაც დღეს უკავია.
ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველო არ უნდა მოწყდეს იმ ევროპულ პროცესს, რაშიც შეიძლებოდა ჩართულიყო. ჩვენ რომ გვყოლოდა პატრიოტი და ქვეყნის და ხალხის ერთგული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, სხვა მოცემულობა გვექნებოდა, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს ხელისუფლება გვყავს, ეს არ უნდა იყოს სასჯელი ხალხისთვის დაკარგოს ევროპული არჩევანი და დაკარგოს თავისი ქვეყნის უკეთესი პერსპექტივა. ამიტომ, მე იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციის ძალისხმევა, რომელსაც ადანაშაულებენ, რომ პირიქით ყველაფერს აკეთებენ, რომ სტატუსი მიიღოს ქვეყანამ და დასავლეთის მხრიდან იმ რეალობის აღქმა, რომ ქართული ხალხი ნამდვილად ევროპის ნაწილია და მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მასზე რაც არის დამოკიდებული, რომ ამ ოჯახის ნაწილი გახდეს, საბოლოო ჯამში ეს ერთობლიობა მოგვცემს იმის საშუალებას რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.