თეგებით ძიება

"ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, დაესწროს შეკრებას, რომელიც 20 ივნისს გაიმართება" - "სირცხვილია" ზურაბიშვილს

"სირცხვილია" პრეზიდენტის მოწვევას იღებს და მოძრაობა 16 ივნისს სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამავე დროს პრეზიდენტს მათ მიერ დაგეგმილ აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ.

"ერთ კვირაზე მეტია, სამოქალაქო საზოგადოება ემზადება 20 ივნისის შეკრებისთვის, რომლის მიზანიცაა გააერთიანოს ქართველი ხალხი მიუხედავად მათი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა განსხვავებებისა. ისტორიული გადაწყვეტილების წინ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია ერთ-ერთი ისეთი იშვიათი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში პოლარიზაცია არ არსებობს.

წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!

ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.
ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ", - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოძრაობა სირცხვილიას მიმართავს, გადადოს 20 ივნისის დანიშნული პროევროპული აქცია, რომელიც მისი თქმით, "ბევრ საფრთხეს უკავშირდება".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა