"ომიკრონის" ახალი ქვეშტამის გავრცელება დაიწყო - საქართველოში პანდემიის აფეთქებისთვის ემზადებიან
"ომიკრონის" ახალი ქვეშტამის გავრცელება დაიწყო - საქართველოში პანდემიის აფეთქებისთვის ემზადებიან. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში გაორმაგდა და 1 000 შემთხვევას გადააჭარბა, თუმცა შესაძლოა მათი რიცხვი კიდევ უფრო დიდი იყოს.
პანდემიის ხელახალი აფეთქების მთავარ მიზეზად სპეციალისტები "ომიკრონის" ახალ ქვეშტამს ასახელებენ, ყოველ მეორე ინფიცირებულს BA.5 ტიპის შტამი გამოუვლინდა. კორონავირუსის ახალი ქვეშტამი სწრაფად ვრცელდება, ინფიცირებულებს კი ძირითადად მაღალი ტემპერატურა აწუხებთ. ჯანდაცვის უწყება მოქალაქეებს კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
კოვიდტესტის რიგში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს ისევ ბევრი საეჭვო პაციენტი დგას.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდსტატისტიკა გაორმაგდა და თუ წინა კვირას ინფიცირების მაჩვენებელი 500 იყო, ახლა 1058-ია. მიზეზად ომიკრონის ახალი ქვეშტამი სახელდება.
BA.5-ს კიდევ უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს. კორონავირუსის ამ ქვევარიანტისთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ვაქცინირებულია, თუ მას უკვე გადატანილი აქვს COVID-19.
სწორედ სწრაფად გავრცელებადი BA.5 ცირკულირებს ახლა ამერიკასა და ევროპაში, რის გამოც კორონავირუსის ახალ ტალღასაც აანონსებენ.
დღეის მდგომარეობით, კოვიდუსაფრთხოების რეგულაციები საქართველოში მოხსნილია, რჩება მხოლოდ რეკომენდაციები - სოციალური დისტანცია და აცრა.