თეგებით ძიება
07. 07. 2022 COVID - 19

დახურულ შენობებში ატარეთ პირბადე - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციას იძლევა, რომ დახურულ სივრცეში პირბადეები გამოიყენონ.

"მარტო საქართველოში არ ხდება. მთლიანად მსოფლიოში და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, 42 ქვეყანაში იყო შემთხვევების ზრდა. ეს ძირითადად განპირობებულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების, ე.წ. BA-4-ის და BA-5-ის ცირკულაციით, რომელიც ხასიათდება უფრო მაღალი გადამდებლობით, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ აგრესიულობა არ არის მეტი. ანუ უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს. მატება გვაქვს, გუშინ იყო 631 ახალი შემთხვევა, დღეს გვაქვს 756. წინა კვირასთან შედარებით, რომელსაც ვითვლით მთელი კვირისას, სამშაბათს დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი შემთხვევა იყო, ვიდრე ორი კვირის წინ. ანუ 2-3 კვირაა, რაც ახალი შემთხვევების ზრდა აღინიშნება. გარკვეულად მომატებულია დადებითობის მაჩვენებელი. სერიოზულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი.

დამძიმების ტენდენცია არ არის. საავადმყოფოში ხვდება ინფიცირებულთა 7-8 პროცენტი, მაგრამ თუ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, გაიზრდება ზეწოლა საავადმყოფოებზეც. ამ ეტაპზე დაახლოებით 350 პაციენტი წევს. მთავარი რეკომენდაცია არის აცრა. ჩვენთან იმუნური ფენა შემცირდა. იმუნური ფენა მაღალი გვქონდა მარტში. მოსახლეობის 85 პროცენტს ჰქონდა იმუნური პასუხი. ეს განპირობებული იყო როგორც აცრებით, ასევე, გადატანით. ამიტომ, შედარებით მარტივად გავიარეთ აპრილი, მაისი, ივნისის პირველი ნახევარი.

მოგეხსენებათ, იმუნიტეტი გარკვეული პერიოდის შემდეგ, 5-6 თვის შემდეგ თანდათან მცირდება, იქნება ეს აცრა, თუ გადატანა, ამიტომ დღეს იმუნური ფენა შემცირებულია ქვეყანაში. მთავარი რეკომენდაციაა, მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ შემოდგომას. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ვინც აცრილია ორჯერ, მათ უნდა გაიკეთონ ბუსტერი, ვინაიდან ბუსტერი სერიოზულად იცავს ქვეშტამებისგან. მესამე დოზა შეუძლია, გაიკეთოს ყველა მსურველმა, 18 წლის ზემოთ. პირველი ბუსტერიდან (მესამე დოზიდან) 4 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ ყველა ასაკის მოსახლეს შეუძლია, გაიკეთოს მეორე ბუსტერი (მეოთხე დოზა), ასევე, 18-დან 49 წლის ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ხოლო 12-დან 18 წლამდე ბავშვებში ექიმის დანიშნულებაა აუცილებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა