საქართველოში კოვიდშეზღუდვები წესდება - ნახეთ, რა რეგულაციები ამოქმედდება
საქართველოში კოვიდრეგულაციები წესდება. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ქვეყანა ახალი, თუმცა ჯერჯერობით, მინიმალური შეზღუდვების შემოღებისთვის ემზადება, რაც უპირველეს ყოვლისა, პირბადის გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს.
ფაქტს გამოცემასთან ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ მინიმალური რეგულაციების შემოღების გარეშე ქვეყანას, ვირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან გაუჭირდება.
მარინა ენდელაძე: ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან საყურადღებოა. მოგეხსენებათ, აღნიშნული ვირუსი მარტივად ვრცელდება, ამიტომ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დადასტურებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია.
- აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. როდის მიაღწევს ვირუსი გავრცელების პიკს?
- კორონავირუსის გავრცელების პიკი შემოდგომაზე იქნება, ისევ და ისევ იქედან გამომდინარე, რომ ის ადამიანებში მარტივად ვრცელდება. ამასთან, ამ დროს ადამიანებს ვირუსი კარგა ხნის გადატანილი ექნებათ და მისი მიმღებლობაც მაღალი იქნება.
- ხომ არ მოითხოვს ვირუსის გახშირებული შემთხვევები მინიმალური რეგულაციების შემოღების აუცილებლობას?
- ვფიქრობ, შეზღუდვები იქნება, რაც პირველ ყოვლისა, პირბადის გამოყენებას შეეხება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის.
ზოგადად, რეგულაცია რად უნდა იმის მიხვედრას, რომ როცა გავრცელებადია ვირუსი, ადამიანმა ნიღაბი გაიკეთოს? ეს ყველაფერი მაინც და მაინც დასჯადი უნდა იყოს? მე, მაგალითად, ნიღაბს ერთი პერიოდი არ ვიკეთებდი და უკვე ნიღბით დავდივარ.
- მსურს, გკითხოთ ახლად აღმოჩენილ ვირუსთან, „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებითაც. ხომ არ ემუქრება საქართველოს ახალი ვირუსის ტალღა?
- ეს ვირუსი საგანგაშო არ არის. საქართველოში მხოლოდ დაფიქსირდა ერთადერთი შემთხვევა, რომელიც იყო შემოტანილი. პრაქტიკულად ითვლება, რომ ის საქართველოში გავრცელებული არ არის, რადგან სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.