"იოლად ვრცელდება და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს" – ცერცვაძემ ბოლო პერიოდში "კორონავირუსის" შემთხვევების ზრდის მიზეზები დაასახელა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვისაც, ორი აცრა ჩატარებული აქვს, ბოლო აცრიდან 5 თვის შემდეგ შეუძლია მესამე, „ბუსტერ“ დოზა გაიკეთოს. ხოლო, მე-4 „ბუსტერ“ დოზას აქვს გარკვეული შეზღუდვები – უკეთდება მათ, ვინც არის 50 წლის ზემოთ ან აქვს, რომელიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება,ან ცალკეულ შემთხვევაში ექიმის დანიშნულებითაც კეთდება.
ცერცვაძემ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზები დაასახელა.
„ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში დომინირებს შტამი, რომელიც წინამორბედი შტამებისგან განსხვავდება კიდევ უფრო მაღალი გადამდებობით. ის უფრო იოლად ვრცელდება და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს. საბედნიეროდ, დაავადების სიმძიმე ისეთივეა, როგორც „ომიკრონის“ სხვა შტამების დროს იყო, და ამ მხრივ გართულება არ ყოფილა. ამით აიხსნება შემთხვევების მომატებული რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. კიდევ ერთი მიზეზია გაზრდილი მობილობა. ადამიანები ბევრს მოგზაურობენ, ძალიან ბევრი ქართველი დაინფიცირდა უცხოეთში. გარდა ამისა, თანდათან მცირდება იმუნური ფენა. ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილებს პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.