1 მილიარდი ევრო ივანიშვილისგან - რა საჩუქარი გაუკეთა ექსპერმიერმა საქართველოს?
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მორიგი საჩუქარი გაუკეთა - კერძოდ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობისთვის 1 მილიარდი ევრო გამოყო. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.
ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას საფუძველი მიმდინარე კვირას ჩაეყარა საფუძველი.
ტექნოლოგიურ საუკუნეში, სამყაროში სადაც ულტრათანამედროვე მიღწევებში ტრილიონობით დოლარი იხარჯება, დედამიწაზე უამრავი ადამიანი ეწირება დაავადებებს, რომელთა მკურნალობაც განვითარებული სამყაროსთვის უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენს პრობლემას. რადგან სამეცნიერო წრეები მაღალტექნოლოგიური მიღწევების წყალობით ისეთ ურთულეს კვლევებში არიან ჩართულნი, რომლებიც წარმატებით ამარცხებენ უმძიმეს დაავადებებს - მძიმე დიაგნოზებს, რომელთა მკურნალობაც ბევრი პაციენტისთვის სამწუხაროდ, დღემდე ძალზედ მტანჯველ, ხანგრძლივ და ნაკლებ შედეგიან პროცედურად რჩება.
მედიცინის დოქტორი,ს რემა ღვამიჩავას განცხადებით, აღნიშნული ცენტრი საშუალებას მისცემს პაციენტებს, პრაქტიკულად, მათი გამოჯანმრთელების შანსი გააორმაგონ, რადგან ეს მეთოდი მკურნალობის დროს ანახევრებს, მკურნალობის ეფექტურობას კი აორმაგებს. ასევე, თანმხლები პათოლოგიების, გვერდითი დაზიანებების მინიმალიზაციას იწვევს.
ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც კიბოს უჯრედების დამარცხების ყველაზე თანამედროვე მეთოდად ითვლება, სულ მალე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ხელმისაწვდომი იქნება. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით უკვე ჩაეყარა საძირკველი ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ცენტრის ამოქმედების შედეგად საქართველოს მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე ექნება.
ორი დანადგარის, პროტონების ამაჩქარებლების, ციკლოტრონებისათვის საჭირო ორი ბუნკერი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა რამდენიმე წელიწადში იქნება მზად. ქუთაისში, საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე სამეცნიერო კვლევების პარალელურად, პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი სულ მალე სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს, პირველ რიგში კი მცირეწლოვან ბავშვებს უმკურნალებს. ცხადია, მაღალტექნოლოგიურ პროცესში ჩაერთვებიან ექიმები, პროფესორები და მკვლევრები - დარგის საუკეთესოთა შორის საუკეთესო მეცნიერები, როგორც ქართველები, ისე უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები.
IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, პიერ მოტეს განცხადებით, მოხარული არიან, რომ მათ საქართველოში კიბოს მკურნალობის საქმეში მოწინავე ტექნოლოგია შემოიტანეს. იგი მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, როგორც ონკოპაციენტების მკურნალობისთვის, ასევე მეცნიერების განვითარებისთვის.
„პროტონული თერაპიის ფარგლებში შემოთავაზებულია სიმსივნის მკურნალობის ისეთი მიდგომა, რომელიც სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ტექნოლოგიებსაც მოიცავს“, - დასძინა მოტემ.
რით არის უნიკალური და რატომ ითვლება პროტონული თერაპია ყველაზე თანამედროვე მეთოდად კიბოსთან ბრძოლაში? ამაჩქარებლების დახმარებით ციკლოტრონი წარმოიშობს რამდენიმე სხივს. ეს სხივები კი დაზიანებულ უჯრედამდე სხეულის სიღრმეში გზას ისე გადიან - ჯანსაღ ქსოვილებს უვნებელს ტოვებენ. და დამიზნებით მხოლოდ სხივების შეკრების წერტილში ანადგურებენ სიმსივნურ უჯრედებს. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ ტექნოლოგიის, რომელიც ყველაზე ვერაგ დაავადებას ამარცხებს მინიმალური ზიანით, მაღალი ეფექტიანობითა და იმაზე ნაკლებ დროში ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ამ ცენტრის შექმნის იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნით.
ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი აცხადებს, რომ ასეთი ტიპის ცენტრები მსოფლიოში იშვიათობაა. „რეგიონში არსად არ არსებობს და ამ პროექტით საქართველო ახალ ეტაპზე გადადის. შედის, ასე ვთქვათ, სულ სხვა განსხვავებულ ლიგაში და თავს იმკვიდრებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ჩხეტიანმა.
ამასთან, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განმარტავს, რომ ადრონული თერაპიის ცენტრში ორი ციკლოტრონი იფუნქციონირებს: ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, ხოლო მეორე ციკლოტრონი სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის იქნება დათმობილი, რაც ამ ცენტრს კიდევ უფრო უნიკალურს გახდის. აღნიშნულით შესაძლებელი გახდება მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან ერთად აწარმოონ კვლევები მედიცინაში, სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში.
რეგიონში უნიკალური და უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო უნივერსიტეტის, პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ მილიარდი ევრო გამოყო. მნიშვნელოვანია რომ, გარდა მკურნალობისა თერაპიის ცენტრის მეორე ნაწილი სამეცნიერო კვლევით საქმიანობას დაეთმობა, სადაც უცხოელი და ქართველი მეცნიერების ხელმძღვანელობით სამეცნიერო საქმიანობაში სტუდენტები და ახალგაზრდა სპეციალისტები ჩაერთვებიან. მედიცინაში, ბირთვულ ფიზიკაში, რადიოლოგიურ ბიოლოგიასა და ქიმიის სფეროში.
ეს ცენტრი რომელიც ამ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განთავსდება რეგიონში პირველი იქნება. და მსგავსი მსოფლიოში სულ რამდენიმეა, რადგან ბევრი წამყვანი განვითარებული სახელმწიფოსთვისაც კი ჯერ ფუფუნებაა. ქართველ მეცნიერებს ევროპელი კოლეგები საქართველოს ამ დიდი წარმატებას ულოცავენ და უკვე მზად არიან ცენტრის შენების რთულ პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
ყველაზე ძვირადღირებულ ტექნოლოგიას, ორ ციკლოტრონს საქართველოში ცენტრის მშენებლობის პარალელურად ჩამოიტანენ. იტალიაში კომპანია აი-ბი-იეს ბაზაზე მათი აწყობა დასკვნითი ეტაპზეა, ხედავთ საქართველოს დროშას ციკლოტრონებზე. მათი მონტაჟი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მაღალტექნოლოგიური შესრულების პირობებშიც კი ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა, რომელშიც ასობით მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტი ჩაერთვება. ადრონული თერაპიის ცენტრი 2025 წელს გაიხსნება.