"ძალიან შემაწუხა იმ სიცრუემ, რაც გავრცელდა თქვენი მხრიდან" - დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს
ექსპერტი, დავით ქართველიშვილი საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს:
"მივმართავ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. გავეცანი თქვენს კომენტარს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე და რბილად რომ ვთქვა, ძალიან შემაწუხა იმ სიცრუემ, რაც გავრცელდა თქვენი მხრიდან. როდესაც ამბობთ, რომ მოძალადეთა დაუსჯელობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ძალადობა მისაღებია, უბრალოდ მინდა გკითხოთ - ეს ლომჯარიას ანგარიშში ამოიკითხეთ, რომ მოძალადეები დაუსჯელები არიან, თუ თქვენი მოსაზრებაა? უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი, მისდაუნებურად თუ მიზანმიმართულად გახდეს იმ დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილი, რასაც აწარმოებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაფინანსებული ტელევიზიები.
რა ხდება რეალურად: 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე!
ამ ეტაპისთვის, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სულ დაკავებულია 31 პირი. აქედან, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 28, ხოლო „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტზე - 3 პირი; მათ შორის სირცხვილიას ოფისთან ალექსანდრე ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდზე ჯამში დაკავებულია 6 პირი", - წერს დეგნანი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ქვეყანაში თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"შეერთებული შტატები კატეგორიულად გმობს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ შევიწროებას. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის.
5 და 6 ივლისის შოკის მომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები.
ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ თავისუფალი და ღია მედიაგარემო. საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროაქტიული ნაბიჯები უნდა გადადგას.
დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან - მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.