"ახლა იტყვიან, ფხაკაძემ ვირუსის ახალი ვარიანტი გამოუშვაო" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, საქართველოში საქართველოში ომიკრონ BA5-ის აფეთქებაა. პროფესორი სოციალურ ქსელში საზოგადოებას რჩევებითა და რეკომენდაციებით მიმართავს:
1.რამდენიმე დღეა, ჩამოვედი და ძალიან ყურადღებით ვაკვირდები, რა ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით ჯანდაცვის კუთხით. მქონდა ბევრ ადამიანთან შეხვედრა. ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს და რისი გაკეთება არ შეიძლება.
2.საქართველოში მოჩვენებითი რეალობაა, თითქოს პანდემის დამთავრდა, თავის მოტყუება გვიყვარს. საქართველოში კოვიდს სეზონური გრიპი დაარქვეს. ამ პაპანაქება სიცხეში რა დროს სეზონური გრიპია, ხალხო?!
3.ჯერ კიდევ აპრილში ვთქვი, რომ საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისში იქნებოდა. მართლაც, ახლა საქართველოში ომიკრონ BA5-ის აფეთქებაა. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ქვეყანაში ინფიცირების არასახარბიელო ციფრები გვექნება.
4.მთელ მსოფლიოში კოვიდის მორიგი ტალღაა, საქართველო მსოფლიოს ნაწილია, გახსოვდეთ. საქართველოში კოვიდინფიცირების რა ოფიციალური მონაცემებიც ცხადდება, იმ ციფრს ბოლოში ნული მიუწერეთ და რეალურ სურათს მიიღებთ. საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება დაიწყო, ამას არავინ გეტყვით, ფხაკაძემ თუ არ გითხრათ.
5.მე არ ვარ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და არ ვარ პასუხისმგებელი, რას ამბობს მთავრობა. მე რასაც გეუბნებით, ფაქტებითაა გამყარებული და ეს არაერთგზის დამტკიცდა.
6."ალბათ შეამჩნევდით, რომ თქვენს გარშემო ადამიანები სიმპტომურად არიან ავად. აქვთ სიცხე, ხველება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. ეს არ არის სერზონური გრიპი, ეს არის ომიკრონ BA5 და ახლა საქართველოში ამ ვარიანტის აფეთქებაა.
7.ომიკრონ BA5 ვარიანტი ყველაზე სწრაფი გადამდებლობით ხასიათდება და, სამწუხაროდ, ის ყველას შეხვდება, ვისაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში კოვიდი არ გადაუტანია.
8.მე საქართველოდან მივდივარ 1 კვირაში, ჩემი წასვლიდან 2-3 დღეში მთავრობა გამოაცხადებს, ცუდად არის საქმეო. მე გაგაფრთხილეთ. ინფორმაცია იარაღია.
9.ბევრი მეკითხება, ქვეყანა ჩაიკეტება თუ არა. ახლა ქვეყნის ჩაკეტვა ყველზე დიდი სისულელეა და ასე მხოლოდ ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა იქცევა. ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, გამოსავალი არის ეფექტური მართვა.
10.BA5 ყველას დაგვემართება, მაგრამ კონცერტი ამით არ მთავრდება. ახალი ვარიანტები უკვე წამოვიდა ინდოეთიდან - BA2.57, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება და უკვე 10 ქვეყანაში დაფიქსირდა. ეს ვარიანტი ივნისის დასაწყისში გამოჩნდა, დაახლოებით ჩემი დაბადების დღეზე. ახლა იტყვიან, ფხაკაძემ ვირუსის ახალი ვარიანტი გამოუშვაო. ეს ახალი ვარიანტი დაახლოებით ნოემბერში საქართველოშიც იქნება.
11.რა უნდა გავაკეთოთ: მოვუწოდებ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, გააძლიერონ შიდა საკარანტინო ღონისძიებები; მოსახლეობას - ატარეთ პირბადე და აიცერით პროტოკოლის მიხედვით მაღალეფექტური ვაქცინებით (ფაიზერი, მოდერნა), განსაკუთრებით, ვინც არის 50 წლის ზევით და ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება. საქართველოში 50 წლის ზემოთ ფაქტიურად ყველას აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, რადგან არ მოწმდება საკვები, გარემო, ჰაერი. 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს გირჩევთ, ნაკლები მოგზაურობა და შეამცირეთ კონტაქტები", - წერს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze