თეგებით ძიება

არახამიას შეძახილით არც სანქციები წესდება და არც მისი პრევენცია ხდება – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი, დავით არახამია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არა თუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს.

"დავით არახამიას შეძახილით, მისი გაფრთხილებით ან ლოიალობით სანქციები არც წესდება და არც მისი პრევენცია ხდება – არახამია იმ ფორმატშია მოქცეული, რასაც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, “ნაციონალური მოძრაობა” ატარებს. საქართველო უკრაინელ ხალხს ყოველთვის გვერდში ედგა და რესურსების მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინას დაეხმაროს, არახამია კი, ამოვარდნილია ყველანაირი ფორმატიდან, რასაც ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და უკრაინის ინტერესები ჰქვია”, – აცხადებს ვოლსკი.

ვოლსკის შეფასებით, დავით არახამია იჩემებს, რომ ქართული სულისა და ქართული ენერგეტიკის მატარებელი ადამიანია, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა არა თუ გაფუჭდეს, არამედ რადიკალური დაპირისპირების ფორმატში მოექცეს.

“არახამია, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ელემენტი და შემადგენელი ნაწილი სწორედ იმას ახმოვანებს, რაც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება. ის არის მისი ნაწილი და მოქმედებს ქართულ-უკრაინული ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, “არახამიას მოკავშირე პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი რუსეთის ხელში აღმოჩენილიყო და დღესაც ეს ოკუპაცია გრძელდება”.

“მისმა მოკავშირე პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჰქონოდა ხელში ჩაგდებული. თუ არახამია მათთან თანამშრომლობით ბაქი-ბუქობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულად იზიარებს იმ სტრატეგიასა და პრორუსულ პოლიტიკას, რაც “ნაცმოძრაობას” გააჩნია. არახამია უკვე ყველა წითელ ხაზს გადასცდა. მისი ამოცანაა, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების იმდენად დანგრევა, რომ იქნებ, მომავალში ჩვენი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამშრომლობა არათუ არ განვითარდეს, არამედ საწყისიც არ ჰქონდეს. არახამია მხოლოდ ერთადერთი არ არის – იგივე განცხადებები აქვთ ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ბევრ პირს და ასეთი ცოდვა აქვს ზელენსკისაც დაშვებული, როდესაც მან ქართველი ხალხი და მთავრობა ერთმანეთისგან გამიჯნა და ხალხს მინიშნებით დაპირისპირებისკენ მოუწოდა იმ მიტინგზე ჩართვისას, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების თემის გარშემო იმართებოდა. ახლახან სრულიად უტიფარი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც საქართველოში უკრაინის წარმომადგენელმა გააკეთა, რომ საქართველომ უკრაინას უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გაუწიოს. პირდაპირ იყო მინიშნება, რომ ეს დახმარება საომარ მოქმედებებში უნდა გადავიდეს, თუმცა ზუსტად იცის, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეები სარგებლობენ მრავალმილიონიანი დახმარებით, ჩვენი მხარდაჭერით. არც ერთი პოლიტიკური დონე არ დარჩა, სადაც საქართველომ უკრაინის მიმართ აშკარა მხარდაჭერა არ გამოხატა იმ პირობებში, როცა საქართველოს რუსეთის მიმართ აქვს დაპირისპირება, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების დონეზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა