ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის რეალური მიზანი ქვეყნის ევროპული გზა არ არის.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც ფიასკოთი დასრულდა.
„ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა ყველასთვის ცნობილია. ჩვენს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად ყველანი გავხდით მომსწრე იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, მათი სურვილი არ არის არც კანდიდატის სტატუსის მიღება. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 3 წლის დაგვიანებით დაიწყო ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. ყველას კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა არ არის. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც რა თქმა უნდა, ფიასკოთი დასრულდა და ყოველთვის ასე დასრულდება. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, ჩვენ არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას და არავის მივცემთ საშუალებას ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. თუ მათ სურთ თანამშრომლობა გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდათ დიალოგის გამართვა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მაგრამ ვნახეთ, რომ ნაცვლად პოლარიზაციის დასრულებისა, ისინი ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას. ამის მიუხედავად, პარლამენტში მიმდინარეობს აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი, სამუშაო ჯგუფები შექმნილი და მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენი მხრიდან რაც არის ჩვენზე დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ ჩვენზე არავითარი კითხვა არ დარჩეს არცერთ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.