პანდემიამდე საქართველოში რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა - ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ფინანსთან მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში პანდემიამდე რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდიოდა. ამის შესახებ ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველ რიგში როდესაც ვსაუბრობთ უპრეცედენტო ზრდაზე უნდა შევხედოთ რიცხვებს და რაოდენობას. რიცხვებს თუ შევხედავთ, ეს უნდა შევადაროთ იმ პერიოდს, რომელი პერიოდიც არის შესადარისი. ვერ შევადარებთ პანდემიის პერიოდს, როდესაც საზღვრები იყო ჩაკეტილი და სასაზღვრო გამშვები პუნქტები ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდნენ და ვერ შეადარებთ ისეთ პერიოდს, როდესაც გარკვეული შეფერხებები არსებობდა მიმოსვლასთან დაკავშირებით. უნდა შევადაროთ ბუნებრივია პანდემიამდე პერიოდს და თუ შევადარებთ რიცხვებს, ეს არათუ გაზრდილი, არამედ განახევრებულია რაოდენობაში. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ის შიში, რომელიც ამ მიმართულებით იყო გამოთქმული. ეს ინფორმაცია არის საჯარო, ეს ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს ინფორმაციაზე შეუძლია წვდომა ჰქონდეს, ამ ინფორმაციის ანალიზი გააკეთოს და შესაბამისად, ვერანაირ რისკებს ამ მიმართულებით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ტიპის პრობლემა არსებობდეს ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.