თეგებით ძიება

ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს, პრეზიდენტის დროშა დაბეჭდა, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის, მე ვარ პრეზიდენტიო - მამუკა მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს, პრეზიდენტის დროშა დაბეჭდა, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის, მე ვარ პრეზიდენტიო, უკვე უხერხულია მისი კომენტარების და პოზიციონირების შეფასება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილი სასწაულებს აკეთებს. არ მინდა, უხეში ტერმინოლოგია გამოვიყენო. გუშინ ვთქვი, თავისუფალია და პირველი სიტყვა გამოვტოვე, მაინც ქალს შეეხება და მეც ვცდილობ, კორექტულობა შევინარჩუნო. რა ქნა იცით, შტანდარტი, რომელიც არის პრეზიდენტის დროშა, ვიფიქრეთ, ხომ არ წაიღო და მოვიკითხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დატოვებული აქვსო. როგორც ჩანს, ან სათადარიგო ჰქონდათ დამზადებული, ან დაბეჭდა იქ, სადაც იბეჭდება. დაბეჭდა პრეზიდენტის შტანდარტი, დაიდგა უკან, გამოდის და იძახის, მე ვარ პრეზიდენტიო. საოცრებაა. უკვე უხერხულია მისი კომენტარების და პოზიციონირების შეფასება. გულწრფელად თანავუგრძნობ. საკმაოდ პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე ერთ დროს მისი მხარდამჭერები ვიყავით, მაგრამ დღეს გულწრფელად თანავუგრძნობ, მისი ემოციური მდგომარეობის გამო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, დანარჩენ ოპოზიციას რაც შეეხება, და მათთან ერთად სალომე ზურაბიშვილს, ისინი აკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ.

„დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. არცერთ ნაბიჯს და ვერცერთ ნაბიჯს ეს ადამიანები დამოუკიდებლად ვერ დგამენ. ჩემთვის მაგალითი იყო, როდესაც გახარია და ხაზარაძე ზურაბიშვილთან რომ იყვნენ, ერთმანეთს ხომ ელაპარაკებოდნენ და პირობითად, რვაჯერ გამოვიდნენ გარეთ, რომ დაერეკათ თავიანთი პატრონებისთვის, თუ რა პასუხი გაეცათ ერთმანეთისთვის. ოდნავ დამოუკიდებელი თუ ხარ შენს გადაწყვეტილებაში, რვაჯერ რატომ უნდა გამოხვიდე. ახლა რომ უმრავლესობის სახელით რომ გელაპარაკებოდეთ და გადაწყვეტილებას ვიღებდე, თქვენთან მემორანდუმს ვაფორმებდე, სად უნდა დავრეკო, რაზე უნდა დავრეკო. შეიძლება მე უფრო გამოვიდე, უმრავლესობის ჩათში მივიწერო, ხალხო ასე მთავაზობს, ვთქვათ, მარიამი და რა გავაკეთო ამაზე, ან რომ მივიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის საწინააღმდეგოს ხომ არ მივიღებ, ამის გარკვეული დელეგირება მაქვს. იმდენად არიან დამოკიდებული, ჯაშუშის ბედი და ხვედრი ეგ არის, რომ ვიღაცას ყოველ წუთში რაღაც უნდა ჰკითხო. ერთი ნაბიჯის გადამდგმელები არ არიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ მყარად დგას ორ ფეხზე მომავლის პოზიტიური მოლოდინებით და არის საკუთარი თავის, სამშობლოს და ხალხის წინაშე მართალი.

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში არასდროს, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის 90-ანი წლების შემდეგ, არ გადავალ საუკუნეების ისტორიაზე, არ ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს არის, არ ჰქონია სუვერენიტეტის ის ხარისხი, როგორც არის დღეს, ვინაიდან საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში. ეს არის მთავარი და ამ სიმართლეს ბოლომდე გავიტანთ და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს. დარწმუნებული ვარ, ეს ოპტიმისტური მოლოდინიც არ ჩაივლის ფუჭად, ბევრი რამე იცვლება თანამედროვე სამყაროში, მათ შორის მიდგომები, და ეს მიდგომები არც თუ ჩვენს საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა