არახამიას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს? - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა უკრაინის "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება.
"დავით არახამია სანქციებს ჩვენ გვიწესებს? არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ხომ ვნახეთ? წარმოიდგინეთ, არახამიას ფრაქციის თავმჯდომარე ჰქვია და პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო. ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით? ქართულიც არ იცის. არახამიების და პოდოლიაკისნაირების განცხადებებს სერიოზულად ნუ აღიქვამთ. ქვეყანა ომშია, მე მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, მტერი უტევს და ამაზე იყვნენ კონცენტრირებული – რა დროს საქართველოს თემებია. დავით არახამია პოლიტიკაში ხელმოცარულია, მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, პასპორტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩამოართვა, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?“, – განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, დავით არახამიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებაზე ისაუბრა.