თეგებით ძიება
11. 01. 2025 სპორტი

მოტივირებული ვარ, მინდა, ჩემი ახალი გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო - ლუკა ლოჩოშვილი

„სალერნიტანას“ ახალწვეულმა ლუკა ლოჩოშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს პირველი ინტერვიუ მისცა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან მოტივირებულია და ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმაროს, რაც სერია B-ში ადგილის შენარჩუნებაა.

„გუნდში მისვლისთანავე კარგი განცდები დამეუფლა, გუნდთან ერთად პირველად ვივარჯიშე და ყველა კარგად შემხვდა. ძალიან მოტივირებული ვარ, მინდა, ყველაფერი გავაკეთო ამ გუნდისთვის და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად წავა და სეზონის მეორე ნაწილი დადებითი გვექნება.

ვიცი, რომ „სალერნიტანას“ ძალიან მხურვალე გულშემატკივრები ჰყავს და მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი გულშემატკივარი მუხტავს. მადლობა მათ კარგად მიღებისთვის და ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ მაისურისთვის. სერია B-ს ვიცნობ, მიმდინარე სეზონში აქ ვთამაშობდი. „სალერნიტანას“ ახალი ენერგია და მოტივაცია სჭირდება, ბოლომდე ერთად ბრძოლა, ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ცაცია ცენტრალური მცველი ვარ, დუელებში აგრესიული თამაში მიყვარს, მაგრამ ბურთის ფლობის პროცესიც მომწონს.

ფიფას ფეარ-პლეის ჯილდო? ავსტრიაში ფეხბურთელი მოედანზე ცუდად გახდა, ჩემი პირველი რეაქცია ინსტინქტური იყო, დავეხმარე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ფიფამ ეს ჯილდო გადმომცა.

ძალიან კარგი მოგონებაა სერია A-ში ჩემი სადებიუტო მატჩი „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომასთან“. ასევე, პირველი გოლი „სამპდორიას“ წინააღმდეგ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქამდე ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნის სახელით თამაში იყო, სიტყვებით არ გადმოიცემა ის გრძნობა, რაც მაშინ დამეუფლა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩემი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზე“ სათამაშო დროის არქონის გამო დატოვა, სადაც სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. ის კრემონელთა რიგებში 2022 წლიდან ირიცხებოდა და 61 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა