თეგებით ძიება

გოგაშვილის ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო - მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნი, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"სოსო გოგაშვილის მხრიდან ვხედავთ შანტაჟის ენით საუბარს. ნამდვილად არ გამკვირვებია, როდესაც ეს ამბავი გავრცელდა, იქიდან გამომდინარე რომ დარტყმის ობიექტი არაა მხოლოდ სასამართლო. დარტყმის ობიექტია მთლიანად სახელმწიფო. ამ ადამიანის შანტაჟის სფერო მოიცავს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს. მისი ყოველი ახალი წერილი მიზნად ისახავს, რომ დააზიანოს ქართული სახელმწიფო. ეს უკვე ხელისგულზე დევს, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილა. ისედაც ნათლად ჩანდა, რომ გოგაშვილის ქმედებებს სხვა მიზანი არ აქვს, თუმცა ისეთ აბსურდულ რაღაცებს ლაპარაკობს.

ჩემთვის წითელი ხაზი იყო ის, თითქოს „ქართული ოცნება“ აგზავნიდა რაღაც სიებს შესათანხმებლად. ამას რომ ადამიანი იტყვის, შემდეგ რაც უნდა თქვას, ყველაფერი ნათელია. ასეთ ზღაპრებს ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილიც კი აღარ დაიჯერებს“, - აცხადებს მდინარაძე.


შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილმა განაცხადა:

"ლევან მურუსიძეს ვიცნობ 1995 წლიდან. იგი გავიცანი სახალხო პარტიის ვაკის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თუმცა მას შემდეგ ურთიერთობა არ გვქონია. ურთიერთობა აღდგა მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძე და მურუსიძე გარიგდნენ ივანიშვილთან. ჩინჩალაძის მოთხოვნით კოორდინაცია დამყარდა სუსთან და მთავარი საკონტაქტო პირები ოცნების სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში ვიყავით მე და მურუსიძე. ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები, რა თქმა უნდა ნებისმიერი შეკვეთა, რაც პარტიიდან მოდიოდა უნდა შეესრულებინათ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამსახურიდან ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან იგზავნებოდა ოპერატიული მასალაც მოსამართლეების შესახებ. ჩვენი შეხვედრები იმართებოდა ჩემს საცხოვრებელ სახლში, დიღომში სასამართლოსთან და ასევე იუსტიციის საბჭოსთან.


ასევე, ჩინჩალაძესა და მურუსიძეს კახეთში, კერძოდ დედოფლის წყაროში აქვთ 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელიც შეიძინეს ჩემი დახმარებით 2016 წელს. ნაკვეთები გაფორმებულია მათ სანდო პირზე, ხოლო ამ მიწის მოვლაში მათ სჭირდებოდათ მცოდნე ადამიანი, ვისი მოძებნაც მე მთხოვეს. მე ეს ადამიანი მათ დავაკავშირე. 2016 წლიდან ჩემს დაკავებამდე ისინი ჩემი დაცვის წევრის საშუალებით იყვნენ კავშირზე, იღებდნენ ინფორმაციას ჩემგან, თავის მხრიდან მიგზავნიდნენ მეც მოსამართლეების შესახებ, ვისი კონტროლიც აინტერესებდათ. ჩემი დაცვის წევრის საშუალებით აგზავნიდნენ მიწის დამუშავების თანხას. ეს თანხა ხან მურუსიძეს ნუცუბიძეზე მოჰქონდა ჩემს სახლში. როდესაც ხდებოდა მოსავლის (მარცვლეული) აღება და რეალიზაცია, მათ ჩემი დაცვის წევრი რეალიზაციისგან მიღებულ თანხას, დაახლოებით 150 000 - 200 000 ლარს აწვდიდა ხან საცხოვრებელ სახლში ძეგვში, ხან სასამართლოსთან დიღომში, ზოგჯერ თანხის ასაღებად მურუსიძე თავად მოდიოდა ჩემთან სახლში. მოკლედ მურუსიძეს ჩემთან და ჩემი დაცვის წევრთან, სამხარაძესთან ჰქონდა აქტიური ურთიერთობა.

ჩემი დაკავების შემდეგ სამხარაძესა და მურუსიძეს შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც მან სამხარაძეს უთხრა, რომ ის და ჩინჩალაძე ყველაფერს ეცდებოდნენ, რომ ჩემი საქმე დაელაგებინათ, მე პასუხი დაგვიანებით, მაგრამ გავუგზავნე სამხარაძის საშუალებით, რომ მე ვაპირებდი ბინძური სისტემის მხილებას, ვისაუბრებდი სასამართლოზეც და მათ გადამალულ ქონებებზეც.

ჩემო მურუს, ეხლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე ამას მხილებას ვეძახი.
სოსო გოგაშვილი
306-ე საკანი".

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ 21 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მას პირადად მიმართა წერილით, სადაც ციხიდან გათავისუფლების შესახებ დახმარებას სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „გოგაშვილი გარკვეული ნაბიჯის გადადგმაზე საუბრობდა სასამართლოს წინააღმდეგ“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა