ბიძინა ივანიშვილსა და მასთან აფილირებულ კომპანიებსა და პირებს სავარაუდოდ, სანქციები რამდენიმე თვეში დაუწესდებათ - სერგო ჩიხლაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ბიზნესმენ, ბიძინა ივანიშვილსა და მასთან აფილირებულ კომპანიებსა და პირებს სავარაუდოდ, სანქციები რამდენიმე თვეში დაუწესდებათ.
„ჩვენი ინფორმაციით, ვფიქრობ, სერიოზული მტკიცებულებები გროვდება ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, რაც არის დაკავშირებული რუსეთთან არალეგალური საქმიანობის წარმოებით, კონტრაბანდული ტვირთების დალაგებით და ა.შ. ეს მტკიცებულებები გროვდება და ვვარაუდობ რამდენიმე კვირაში ან თვეში ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ვფიქრობ, არც შეერთებული შტატები, არც ევროკავშირი, არც დასავლელი პარტნიორები არავის აპატიებენ რუსული საქმის კეთებას. „ქართული ოცნება“ კი არის პრორუსული; ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, შესაბამისად, პრორუსების და რუსების წინააღმდეგ ვიხილავთ სანქციებს და დამსჯელ ღონისძიებებს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.