მივიჩნიე, რომ კეზერაშვილთან თანამშრომლობა სახიფათოა - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დავით კეზერაშვილზე გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანია „პირველთან“ განმარტავს.
მელიას თქმით, გასულ წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს მისივე ინიციატივით შეხვდა და ბევრ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ, მელიას თქმით, მიუხედავად წარსულში მწვავე კრიტიკისა, კეზერაშვილს ხელიც ჩამოართვა, თუმცა ამჟამად ფიქრობს, რომ მასთან პარტნიორობა პარტიისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს:
„დავინახე, რომ ადამიანი საჭირო საქმეს აკეთებს რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ერთით მეტი დამოუკიდებელი ტელევიზია ნამდვილად არის ძალა. ჩვენ იმ ყველაფერთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, მივიღე მისგან დამაკმაყოფილებელი პასუხები და მაღალი წარმოდგენის თავის თავზე თავადაც არ არის ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მისთვისაც არ იყო ჩემთან შეხვედრა ადგილი. როცა ადამიანი მიწასთან გასწორებს და შემდეგ ნაბიჯს გადმოდგამს შეხვედრაზე… ჩვენ როდესაც ხელი ჩამოვართვით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩამოვართვით ხელი […].
[…] პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ ასეთი პარტნიორობა არის სახიფათო. მე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩვენ არ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა“ – ამბობს მელია.
მელიამ აღნიშნა, რომ კეზერაშვილთან იანვრის შემდეგ აღარანაირი კომუნიკაცია აღარ აქვს და უარყოფს მოსაზრებასაც, თითქოს დავით კეზერაშვილი ენმ-ის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მას მიაჩნია, რომ ენმ-ის მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება იგი პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის.