საქართველოს საზღვარი 1 კვირის განმავლობაში 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვარზე რუსული საგუშაგო „ვერხნი ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
"ქვეყანაში ჩვენი რესპუბლიკის გავლით განხორციელებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა სამგზავრო ავტოტრანსპორტის ნაკადი საქართველოს მიმართულებით. დღეს „ვერხნი ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 3,5 ათასამდე მანქანაა მოსალოდნელი, რომლებშიც ძირითადად სამხედრო ასაკის ადამიანები იმყოფებიან. გარდა ამისა, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკასა და ინგუშეთის რესპუბლიკასთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე 800-მდე მანქანაა დაგროვილი. რესპუბლიკის გზებზე ტრანზიტული მანქანების საერთო რაოდენობა 4891-ია, მათ შორის 1391 მძიმე და 3,5 ათასი მსუბუქი მანქანა“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. პუტინის განმარტებით, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ თადარიგში მყოფ მოქალაქეებს, "პირველ ყოვლისა კი, მათ, ვისაც შეიარაღებულ ძალებში უმსახურია" და "აქვს შესაბამისი გამოცდილება".
განკარგულების გამოცემიდან რამდენიმე წუთში, საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის მიმართუებით ავიაბილეთები უცებვე გაიყიდა. არსებული ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობი არის. რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ცდილობენ საქართველოში შემოსვლას.