სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა - ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით შინაგანი ჯარის დამატებითი ძალები გაგზავნა.
შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირესა და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს.
ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
სხვადასხვა მონაცემით, ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქცა.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტია აღიარებული.