აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება - პუტინისგან რა გზავნილით ჩავიდა ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში?
ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ლუკაშენკოს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია შეხვდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური თანნამშრომლობა, საერთაშორისო ვითარება, გამოწვევები და საფრთხეები გაანალიზეს.
ლუკაშენკოს თქმით, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.
"გუშინ ჩვენ განვიხილავდით აფხაზეთის პრობლემებს ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ ძალიან დიდ ხანს, ღამემდე განვიხილავდით ამ საკითხებს და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, მას უნდა დაეხმარო, რათა ხალხმა, რომელიც აქ ცხოვრობს, ნორმალურად იცხოვროს", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ სიტუაციას არ უკავშირდება.
თავის მხრივ დე ფაქტო ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა: "თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ გვაქვს კარგი ადამიანური ურთიერთობები. ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი ჩასვლით".