ქართული მხარე ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც tia.ge უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ლუკაშენკოს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია შეხვდა.
"გუშინ ჩვენ განვიხილავდით აფხაზეთის პრობლემებს ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ ძალიან დიდ ხანს, ღამემდე განვიხილავდით ამ საკითხებს და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, მას უნდა დაეხმარო, რათა ხალხმა, რომელიც აქ ცხოვრობს, ნორმალურად იცხოვროს", - განაცხადა ლუკაშენკომ დე ფაქტო პრეზიდენტ, ასალან ბჟანიასთან შეხვედრისას.