ანტიდასავლური მოძრაობის ახალმა წევრმა POSTV 52%-იანი წილი შეიძინა
„ხალხის ძალის“ ახალმა წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ავარიდოთ იმ უბედურებას, რაში შეთრევასაც ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი. მისი თქმით, მოძრაობის პირველი ამოცანა არის ის, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს.
„ვთვლი, რომ კულისებში ბევრი რამ წყდება, მაგრამ საჯაროდ არ გამოდის ინფორმაცია და ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს მეტი, რათა მიიღოს ის გონივრული გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებებსაც იღებს ჩვენი ბრძენი ხალხი. ჩვენი ქვეყანა უნდა ავარიდოთ იმ უბედურებას, რაში შეთრევასაც ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსი, გნებავთ ჩვენთან, გნებავთ სხვა ქვეყნებიდან. უკრაინის მთავრობის წევრები და ზოგიერთი ევროპელი პარლამენტის წევრი ცდილობს, რომ ჩაგვითრიონ ომში და ამ მოძრაობის პირველი ამოცანა არის ის, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე და შემდეგ გადაწყვიტოს, ჩაერთოს თუ არ უნდა ჩაერთოს კონფლიქტში და ომში”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება „პოსტ ტვ“-ის შეძენას, მან განმარტა, რომ აინტერესებს აღნიშნული ბიზნესი და ტელევიზიის წილები ამიტომ შეიძინა.
„მაინტერესებს ეგ ბიზნესი და შევიძინე. მთავარია, რომ უკანონობა არ გამიკეთებია, არადეკლარირებულად არ შემიძენია. მე მომწონს ამ ტელევიზიის მიერ გაშუქებული ის აზრები, რომელსაც ზოგიერთი ტელევიზია დამახინჯებულად აწვდის საზოგადოებას და ვთვლი, რომ ამ ბიზნესში უნდა მივიღო მონაწილეობა, რათა კიდევ ერთი ტელევიზია არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომელიც ილაპარაკებს სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს.
მე არ ვაპირებ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას - „პოსტ ტვ“-ის შეძენის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ის საუბრობს სიმართლეს და გააგრძელებს ალბათ, სიმართლის საუბარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევთანხმდებით. მე შევიძინე საკონტროლო პაკეტი“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და მმართველი გუნდიდან გასული ე.წ. ოთხეულის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას" უერთდება.
კერძოდ, „ქართული ოცნებიდან“ გადიან დეპუტატები: ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია.
შესაბამისად, „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.